ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, იპოთეკით დაცული ობლიგაციებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მიზანი საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და სების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასება იყო.

ღონისძიებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაცია Moody’s-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკები და სხვა დაინტერესებული პირები.

სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ხაზი გაუსვა იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის ფინანსური ლანდშაფტისთვის.

„სები ხელს უწყობს იპოთეკით დაცული ობლიგაციების, როგორც საფინანსო სექტორისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს განვითარებას საქართველოში და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონისძიებას მივმართავთ, რათა აღნიშნული მიმართულება რაც შეიძლება მცირე ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი ბაზრისთვის“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციები წარადგინეს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის, EBRD-ისა და Moody-ის წარმომადგენლებმა და მათ ქართული საბანკო სექტორი და იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს.

როგორც EBRD-ის კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის რეგიონული პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა რადა ტომოვამ აღნიშნა, საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების საკანონმდებლო ჩარჩო სრულად შეესაბამება ევროკავშირის იპოთეკით დაცული ობლიგაციების დირექტივას. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის წარმომადგენლებმა თავის მხრივ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოში იპოთეკით დაცულ ობლიგაციებს საინვესტიციო რეიტინგის მიღების შესაძლებლობა ექნება.

Back to top button