„ნაციონალური მოძრაობა” არის არაფორმალური მმართველობის კლასიკური ნიმუში”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მაშინ ,როდესაც პარტიის თავმჯდომარე ნიკანორ მელიაა, ამ ორგანიზაციას რეალურად საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი – მიხეილ სააკაშვილი მართავს.
„ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არის კლასიკურად არაფორმალური მმართველობის ნიმუში და რატომ: ნახეთ – ამ ორგანიზაციას ჰყავს საკუთარი თავმჯდომარე. ეს არის ნიკანორ მელია. თუმცა, ამ ორგანიზაციას რეალურად მართავს პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ის არის უკრაინის მოქალაქე. მას საერთოდ არ აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. დიახ, ის ციხიდან გასცემს ბრძანებებს. ჩვენ ვუყურებთ ყოველდღე, როგორ ავრცელებენ მის მიმართვებს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თუმცა, „ქართული ოცნება” სიცრუეს ყოველთვის სიმართლით პასუხობს.
„ის ორგანიზაცია, რომელიც არის მართლაც რომ არაფორმალური მმართველობის კლასიკური ნიმუში, ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს ძალიან მწარედ შეცდომაში. ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ მათ სიმართლით და ეს ბოლო პასუხი იქნება ხვალ. მათ ერთხელ და სამუდამოდ კარგად უნდა გაიგონ, რომ მათი პოლიტიკური ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა და დროა, ადგილი დაუთმონ ახალგაზრდებს, რომლებიც არ იქნებიან ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური ჟინით შეპყრობილნი”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.