„მე ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანო ყველა უბანში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე – N41 იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც გვაქვს დაწყებული 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს – განაცხადა „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას, რადგან ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს.
„ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რაც დაკავშირებულია რეფორმებთან, სიახლეებთან. ეს ყველაფერი გაგრძელდება და მინდა, მოვუწოდო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ იაქტიურონ. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თბილისის განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდეს და ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ კარგი საქმეების გაკეთება ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ამ ქვეყნისა და ქალაქის მომავლისთვის “, – განაცხადა კახა კალაძემ.