პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა შვილებთან ერთად საკუთარი არჩევანი მე-40 საარჩვენო უბანზე გააკეთა.
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლავთ, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს ზნეობრივი არჩევანი და მე მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ აუცილებლად მოვიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, მისი თანაბარი და წარმატებული განვითარებისათვის, დაწყებული საქმეების გაგრძელებისათვის და მზად ვარ, უკვე გამარჯვებული ხვალიდან ვემსახურო ჩემს მშობლიურ ქალაქს და თანაქალაქელებს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
რაც შეეხება დარღვევებთან დაკავშირებით ოპოზიციის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებას, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
“ეს არის მათი საერთო მესიჯბოქსი, მე რამდენადაც ვარ საქმის კურსში, ქუთაისში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ეს ცრუ ინფორმაციები ჩვენი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური კიდევ უფრო მაღალ დონეზე და იქნება ამომრჩევლის მაღალი აქტივობა”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.