ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას – განაცხადა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, დღეს არჩევანი ძალიან მარტივია, როგორც კანდიდატებს ისე ორ პოლიტიკურ ძალას შორის.
„დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს შორის, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას.
რაც შეეხება კანდიდატებს, თბილისის შემთხვევაში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოუჩენია თავი გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და ხულიგნობდა გამუდმებით, მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე, რომელსაც აქვს თბილისის განვითარების ძალიან კონკრეტული ხედვა შემდეგი 4 წლისთვის. ამიტომ, არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.