„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გადავუხდით ამომრჩეველს მადლობას აქტიურობისთვის. საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული.
არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. ნაცმოძრაობის კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს.
საარჩევნო უბნების დახურვამდე რჩება 4 საათი. შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე საქართველოში აღარ ჩატარდება არავითარი არჩევნები. ყველა ამომრჩეველს, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე და რომელსაც ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, მოგიწოდებთ და გთხოვთ, გამოიყენოთ ეს შანსი, რათა თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში პოლარიზაციის, ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებაში.
ნაცმოძრაობისა და მისი კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, ნე ეცდებიან დაატრიალონ ქარიშხალი ჭიქაში, აქტივისტებს მისცენ მუშაობის, ხოლო ამომრჩეველს არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების საშუალება.
საბოლოო გამარჯვებამდე რჩება 4 საათი. მოდით არჩევნებზე და 8 საათზე ერთად ვიზეიმოთ ჩვენი საერთო გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვება” – განაცხადა კობახიძემ.