„გუშინ ბრიუსელში ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ “ქართველი ხალხი ირჩევს მიმართულებას – თუ ისინი დარჩებიან და შეინარჩუნებენ იმავე სტატუს-კვოს, რომელიც ახლაა, არ მგონია, საქართველოს ჰქონდეს წარმატების შანსები ევროინტეგრაციის გზაზე. თუ ასე არ მოხდა და თუ ევროპული ძალები მიაღწევენ გამარჯვებას, ჩვენ უნდა ველოდოთ განსხვავებულ გზას და ამას მივესალმებით.” საქართველოს შიდა საქმეებში ასეთი არამეგობრული ჩარევა გამონაკლისი რომ იყოს, არც მივაქცევდით ყურადღებას, მაგრამ, როგორც წესი, ბოლო ორი წელია ბალტიის ქვეყნების მმართველი პოლიტიკური ელიტები ანალოგიური ტონით ელაპარაკებიან საქართველოს“, – აღნიშნულია დღეს გავრცელებულ მიმართვაში.
საზოგადოება ქართული ვრცელ წერილში იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც საქართველოში შესაძლოა მეორე ფრონტის გახსნას მოჰყვეს.
„ომი, რომელიც მხოლოდ სამი დღე შეიძლება გაგრძელდეს, დასრულდება ქვეყნის სრული ოკუპაციით. გარწმუნებთ, თუ ასე მოხდა, გეოპოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე, საფრთხეები ბალტიისპირეთისთვის და ევროპისთვის ათასგზის გაიზრდება.” წერილში ასევე მოცემულია სტატისტიკა, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება : „ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის 2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის კუთხით, პირველ სამეულში ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი არიან. ესტონეთმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან მედიკამენტებით ვაჭრობა 600-ჯერ გაზარდა; ესტონეთი რუსეთს აწვდის სისხლის გადასხმის აპარატებსაც, რომელსაც კრემლი, სავარაუდოდ, ფრონტზეც იყენებს; ლატვია და ლიეტუვა რუსეთისთვის ვისკის მთავარი მიმწოდებლები გახდნენ; იმავე ესტონეთში დღემდე ახსოვთ 2023 წლის პოლიტიკური სკანდალი, როდესაც აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრ კაი კალასის მეუღლე ფლობდა კომპანიას, რომელიც რუსეთში ტვირთების გადაზიდვას ახორციელებდა. ამ ფონზე ბალტიისპირეთის მთავრობები საქართველოს მუდმივად ადანაშაულებენ საგარეო კურსის ცვლილებაში, რუსეთის მიმართ ლოიალურობაში და არადემოკრატიულ ნაბიჯებში. ზეწოლა განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, როდესაც ბალტიის მთავრობების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა ლამის ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა. ისევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ: მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ზემოხსენებულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, საქართველოს ელჩი ლიეტუვაში ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და „საპასუხო კონტრზომებით“ დაემუქრნენ; ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებდა, რომ საქართველოს შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი შეჩერებოდა; ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდა და თავს უფლებას აძლევდა, ელაპარაკა ქართველი ხალხის სახელით – “ველით საქართველოსგან, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მის ხალხს სურს“; ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკუს ცაჰკნა კი ამტკიცებდა, რომ „საქართველო აბსულუტურად არასწორი გზით მიდის“ და საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ ფინანსური დახმარების შეჩერების ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ყველაზე ნათელი მაგალითი მაინც იყო ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების დასწრება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისამთავრობო აქციაზე და იქ სიტყვით გამოსვლა. დემოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი ნაბიჯი განიხილება, როგორც პირდაპირი დემარში და ასეთი ქმედებების ავტორი პერსონა ნონ გრატად ცხადდება ხოლმე. გვესმის, რომ ბალტიისპირეთის მთავრობებში დიდია გლობალური ომის პარტიის გავლენები და კავკასიაში მეორე ფრონტის ლობირებისადმი მათი მხარდაჭერა ამ ლოგიკაში ჯდება, მაგრამ, მათი მხრიდან დავალების შესრულებაში ზედმეტი თავგამოდება სხვა, კერძო ინტერესებზეც მიუთითებს. ამიტომ, მივმართავთ ბალტიისპირეთის საზოგადოებებს, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა – ხომ არ დგას ამ ზეწოლის უკან სურვილი, რომ საქართველო ჩაითრიონ რუსეთთან ომში, რათა დროში გადაავადონ კრემლის შესაძლო თეორიული თავდასხმა ბალტიისპირეთზე და მეორე, რომ საბოლოდ ჩაიკეტოს კავკასია, როგორც აზიასა და ევროპას შორის ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფანი?! ყველა სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს იცავს, ბალტიისპირეთის მთავრობებიც პირველ რიგში, საკუთარ ქვეყნებზე ფიქრობენ და არა საქართველოზე, ეს ბუნებრივია. ამ კონტექსტში, ვხედავთ, რომ გლობალური ომის პარტიის დავალების შესრულებასთან ერთად, ბალტიისპირელების, პოლონეთის, გერმანიის და ევროპის რიგი ქვეყნების მთავრობების კერძო ინტერესია, გაჩნდეს ახალი კონფლიქტის კერა, რაც გადაწევს რუსეთთან მათი ქვეყნების პირდაპირი კონფრონტაციის რისკს. ამაზე გუშინ ღიად ილაპარაკა თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის კანდიდატმა ანდრიუს კუბილიუსმა , როცა აღნიშნა, რომ „ვლადიმერ პუტინი მზად იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში – დროა, სათანადოდ მოვემზადოთ“. რუსეთთან გარდუვალ ომზე საუბრობდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსიც წლის დასაწყისში: “ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს, შესაძლოა, 5-8 წლის შემდეგ მოხდეს”,-აღნიშნა მან.
ევროკრატიის ინტერესია დროის მოგება და რუსეთის ჩართვა კონფლიქტებში ევროპის საზღვრებიდან შორს. ამისთვის საქართველო იდეალური კანდიდატურაა და ამიტომ სჭირდებათ აქ მართული ხელისუფლება , ჯერ კიდევ ევროკომისარ ბორელს და ევრობიუროკრატიის სხვა მაღალჩინოსნებს.
ეს ყველაფერი ზედაპირზე ჩანს, როგორადაც არ უნდა შეფუთოს ევრო და ბალტიის პოლიტიკურმა ელიტამ საკუთარი დაფარული მიზნები და დემოკრატიულ უკუსვლაში „ამხილოს“ საქართველოს ხელისუფლება. სხვა რომ არაფერი, მეგობარი ქვეყნის წაქეზება ომში ჩართვისკენ, რომელშიც მას გადარჩენის შანსი არ აქვს, არის ამორალური. მით უფრო პირობებში, როდესაც ლიეტუვას, ესტონეთს, ლატვიას ნატოს უსაფრთხოების ქოლგა იცავს, საქართველო კი მარტოა რუსეთის, თურქეთის, ირანის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესების ეპიცენტრში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის მსურველები მზად არიან გაწირონ ქართული სახელმწიფოებრიობა განადგურებისთვის და ქართველი ხალხი უზარმაზარი მსხვერპლისთვის. შეიძლება ჩახედულები არ ხართ, ამიტომ გვინდა იცოდეთ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, 3 მილიონიანი მოსახლეობით, რომელმაც ბოლო 30 წელიწადში 3 თავდაცვითი ომი აწარმოა რუსეთთან და დღეს ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების 20 %, დევნილია 400 ათასამდე მოქალაქე, საოკუპაციო ჯარები დგანან დედაქალაქიდან 35 კილომეტრში და ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სასიცოცხლო ტრასიდან 300 მეტრში. არ გვესაზღვრება ევროკავშირის არცერთი ქვეყანა და ვერავინ დაგვეხმარება, სურვილიც რომ არსებობდეს. და მთავარი – ომი, რომელიც მხოლოდ სამი დღე შეიძლება გაგრძელდეს, დასრულდება ქვეყნის სრული ოკუპაციით. გარწმუნებთ, თუ ასე მოხდა, გეოპოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე, საფრთხეები ბალტიისპირეთისთვის და ევროპისთვის ათასგზის გაიზრდება.
მიგვაჩნია, რომ რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს სიმართლე, ის უნდა ითქვას, რადგან სიცრუეზე და ფარისევლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განწირულია. ვიმედოვნებთ, რომ ბალტიისპირეთის ხალხები ჩვენს სიმართლეს დაინახავენ და ხელს შეუწყობენ მათი პოლიტიკური ელიტების საქართველოსადმი მიდგომებში მეტი პასუხისმგებლობის გაჩენას. ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ და რომ გადავრჩეთ მსოფლიო გადანაწილებისთვის მიმდინარე სასტიკ გლობალურ ომში, გვმართებს სოლიდარობა, მეგობრობა და ერთად მოქმედება“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.