დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა გამართეს სხდომები და კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოავლინეს ყოველ საარჩევნო ოლქში ის უბნები, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.
როგორც დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო (ცესკო)კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, გუშინ ცესკოს თავმჯდომარემ საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართა ინიციატივითა და რეკომენდაციით – სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გადათვლის მიზნით გამოევლინათ 7-7 საარჩევნო უბანი.
„დღესვე, 17:00 საათზე29 ლოკაციაზე, გადათვლის ცენტრებში ბიულეტენებს ხელახლა დაითვლიან. უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და პროცესის ვიდეოგადაღება.
ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები.
მოვუწოდებთ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას.
გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები.
გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები, ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
აქვე აღვნიშნავ, რადგან კრწანისის საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, ხელახალი დათვლა არ განხორციელდება“,-განაცხადა იოსელიანმა.