საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის ფედერალურ კანცლერს ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ავსტრიის კანცლერს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოსა და ავსტრიას შორის, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. აღინიშნა, რომ 2022 წელი ორმხრივ ურთიერთობებში საიუბილეოა – საქართველო-ავსტრიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდერ შალენბერგი საქართველოში მიიწვია და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, მას თბილისში, ამჯერად კანცლერის რანგში უმასპინძლოს.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ავსტრიის მნიშვნელოვან და უწყვეტ მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზის ერთგულია და განაგრძობს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტურ განხორციელებას. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინებზე და ამ ფორმატში პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის – მეტი მეტისთვის გამოყენების მნიშვნელობაზე. ასევე, ხაზი გაესვა ასოცირებული ტრიოს მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის დამატებითი მექანიზმების შეთავაზების აუცილებლობას.
შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADA) წარმატებულ და ეფექტურ პარტნიორობას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში პოზიტიურად შეფასდა ვენაში ახლახან გამართული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა და მრგვალი მაგიდა, რომელშიც ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ავსტრიის ფედერალური კანცლერის შეხვედრა გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.