საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

„საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება. 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე ნაკლებია. მიმდინარე წლის სექტემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.8 პროცენტი შეადგინა. ფასების სტაბილურობა, უმეტესწილად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, როგორც დროული გამკაცრების, ისე ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. კერძოდ, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ 3 პროცენტთან შედარებით დაბალია. ამასთან, ეკონომიკაში გაზრდილი კონკურენციის შედეგად ფირმების შემცირებული მარჟებიც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობია. ამ ფაქტორების ერთობლიობა ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. მიმდინარე წელს მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური აქტივობის გამო, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.5%-მდე გაიზარდა. თუმცა, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სების შეფასებით, გაზრდილია ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც, რასაც წვლილი შეაქვს ფასებზე წნეხის შემცირებასა და დაბალინფლაციური გარემოს ჩამოყალიბებაში. ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2 პროცენტს გაუტოლდება. საშუალოვადიან პერიოდში კი 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.

პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობა რისკებს შეიცავს. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ასევე ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა, მათ შორის, რეგიონალური რისკის პრემია გაიზარდოს და სხვადასხვა არხებით ფასებზე ზეწოლა წარმოიქმნას. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა გაზრდილია, ხოლო წითელი ზღვის აკვატორიაში მიმდინარე მოვლენები ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის საფრთხეებს წარმოშობს, რაც, იმპორტული საქონლის არხით, მთლიანი ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის. საგარეო ფაქტორებს მიღმა, შიდა ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია, რამაც მომავალში ასევე შესაძლოა ფასებზე ზეწოლა მოახდინოს. ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – ნათქვამია სების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 18 დეკემბერს ჩატარდება.

Back to top button