„ვიღაცებს შეუთავსებელი ჰგონია ტრადიციები და ევროპელობა. პირიქით, ტრადიციული ქრისტიანული საქართველო, ტრადიციული და ქრისტიანული ევროპის განუყოფელი ნაწილია“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობასთან განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლით, ჟინით და შემართებით შევალთ ევროპულ ოჯახში და საქართველო მომდევნო წლების განმავლობაში მიუახლოვდება ევროპული ცხოვრების დონეს.
„ამ ყველაფრის პარალელურად ავკრძალეთ ერთსქესიანთა ქორწინება, კონსტიტუციაში ასევე ჩავწერეთ, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება. დიდი ბრძოლით მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი. უნდა გააუქმოთო გვეუბნებიან და ერთ – ერთი ნაცმოძრაობის ჟურნალისტი მეუბნება სამი დღის წინ, რომ დიახ, რომ არ გააუქმებთ ამიტომაც გეუბნებიან, რომ ვერასდროს გახდებით ევროკავშირის წევრებიო. არა ბატონებო და ქალბატონებო გავხდებით, ესე მარტივად არა, ბრძოლით, ჟინით და შემართებით შევალთ ევროპულ ღირსეულ ოჯახში. და იცით, როგორ? კეთილდღეობა- ეს სიტყვა ჩვენს სლოგანზე შემთხვევით არ მიგვიწერია, მხოლოდ ჩვენ კი არა, უკვე მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში, ასე თუ გავაგრძელეთ, ამ ინერციით, ასეთი რეფორმებით, ჩვენ მივუახლოვდებით ევროპული ცხოვრების დონეს. ამიტომ ქართველი კაცი არა მხოლოდ სიამაყით, სადღეგრძელოთი, არამედ ამასთან ერთად იქნება ეკონომიურადაც ისე უზრუნველყოფილი, რომ შეედრება ევროპელ მოქალაქეს და ეს არის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი ღირსებისა, რომ ხელგაწვდილი კი არსად მივდივართ, არამედ ამ სფეროშიც კი ამაყები ვიქნებით და საქართველო აქაც ძალიან მაგრად გაიმარჯვებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.