„დასავლელი პოლიტიკოსების ტონში გარკვეული შერბილება უკვე შეიმჩნევა. იგივე, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ისინი ითანამშრომლებენ იმ მთავრობასთან, რომელიც არჩევნების გზით, დემოკრატიულად მოვა ხელისუფლებაში. დღევანდელი შეკრებაც ამის დასტურია, თუ ვის უჭერს მხარს ქართველი ხალხი“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველდღიური შრომით და ეკონომიკის განვითარებით აკეთებს იმას, რაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია.
„ცოტა ხნის წინ, ასევე, მოვუსმინეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც მან აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ აშშ-ის ელჩთან ჩანიშნულია მისი შეხვედრა. ასე რომ, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენს საარჩევნო პროგრამაში პირდაპირ წერია, რომ გადატვირთვა მოხდება და ის დასავლეთი, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული ღირებულებების გარშემო, საქართველოში ასე, დემოკრატიული არჩევნებით მოსულ ხელისუფლებასთან აუცილებლად ითანამშრომლებს.
გარკვეული, ცალკეული პოლიტიკოსების უპრეცედენტო ზეწოლა, რასაც ბოლო დღეებში ვხედავდით, იყო მათი მხრიდან ოპოზიციის მიმართ გადაგდებული მაშველი რგოლი, რადგან ოპოზიციას, ფაქტობრივად, არაფერი აქვს სათქმელი ხალხისთვის. მათ არანაირი წინასაარჩევნო დაპირების გაცემა არ შეუძლიათ. მათი ყველა განაცხადი ბლეფია. ისინი არიან ჩვენი ეროვნული და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედნი, სიძულვილის ენისა და ფაშისტური ბულინგის გამავრცელებელნი. შესაბამისად, ისინი ევროპულ ინტეგრაციასაც ვერ უზრუნველყოფენ. ამ ინტეგრაციას ამჟამინდელი ხელისუფლება – „ქართული ოცნება“ ახორციელებს იმ ყოველდღიური შრომით პარლამენტსა თუ სხვადასხვა ინსტიტუციებში და ასევე, ეკონომიკის განვითარებით, რაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია.
ევროკავშირს ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს – ის. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა განაპირობებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.