„ამ არჩევნებით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ სტაბილურობა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ამ ამოცანების შესრულების გარანტად სწორედ ქართული ოცნება მიაჩნია; დაადასტურა, ისიც, რომ არავის მისცემს ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის უფლებას და არ დაუშვებს ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნებას!”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სოზარ სუბარი გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, მათ მოუწევთ შეგუება იმ ფაქტთან, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი დესტაბილიზაციასა და ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას შორის და ამ გზიდან გადახვევას არავის აპატიებს.
„საოცარი განცხადებები მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან, თითქოს „არჩევნები არ არის ადამიანების ნების გამოხატულება, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია”. კიდევ ერთხელ აღიარეს, 7 ნოემბერი არ აკომპლექსებთ და არ ნანობენ 7 ნოემბერს იმედში შეჭრას, ტელეკომპანიის დარბევას, ჟურნალისტების ცემას და წართმევას მისი მესაკუთრისთვის. არ ნანობენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში რიგგარეშე არჩევნების გამოცხადებას. კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ მათი მთავარი მიზანი უახლოესი პერიოდის განმავლობაში იქნება მორიგი არეულობა და ხელისუფლებაში ძალადობით მოსვლა.
მინდა მკაფიოდ განვუმარტო ყველას, ვისაც ეს არ ესმის, ან არ სურს გაიგოს, რომ არჩევნები სწორედაც რომ ხალხის ნების გამოხატულებაა, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზაა და ამას უნდა შეეგუონ! მოუწევთ შეგუება ამასთან. ვისაც ამ ჭეშმარიტების გათავისება უჭირს, მათ ასევე მკაფიოდ განვუმარტავ, რომ საქართველო დღეს შემდგარი სახელმწიფოა, ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტებით და ყველას მოუწევს, დაემორჩილოს კანონს და ხალხის ნებას, რაც სწორედ არჩევნების გზით არის გამოხატული”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.