საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ნებისმიერ ქვეყანაში ძირითადად, აქცენტი კეთდება სამ თემაზე – ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაშინება და ამომრჩევლის მოსყიდვა, არც ერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა დღეს ყველა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში „არჩევანის პირისპირ” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აქედან ჩანს, რომ ამ მიმართულებით არავითარი არათუ სისტემური, არამედ რაიმე არსებითი პრობლემაც არ ფიქსირდება.
„ამით შეშფოთებულია რადიკალური ოპოზიცია და ერთადერთი სცადეს თითიდან გამოწოვილი კამპანიის აგორება ID-ბარათებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მტკიცებულებებით ვაჩვენეთ ის, რომ თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო ის, რასაც ისინი ამ თემაზე ამბობდნენ. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო იყო რუსთავის ფაქტი. მათი კუთვნილი ტელევიზიიდან ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაიგო, რომ აპირებდნენ ერთ-ერთ სამსახურში კონტრაქტების გაგრძელებას. ამისთვის მოითხოვეს პირადობის მოწმობები და მან სცადა, ეს ფაქტი დაეკავშირებინა არჩევნებთან, როდესაც ეს ფაქტი საერთოდ არ უკავშირდებოდა არჩევნებს. თითიდან გამოწოვილი იყო კამპანია, შესაბამისად ეს კამპანია ძალიან მალევე ჩავარდა. რეალურად, საბაბიც კი არ რჩება იმისთვის, რომ ვინმემ რამე თქვას ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს საბაბი არ დარჩება არც არჩევნების დღეს, გამომდინარე მათ შორის იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან, რაც ჩვენ ამ 2-3 წლის განმავლობაში განვახორციელეთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.