პრემიერი: ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, სასწორის ორ მხარეს დგას ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს ტარდება გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, რაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მოსახლეობას და სწორედ ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ დღეს ფიქსირდება ძალიან მაღალი აქტივობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთლიანობაში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„პრაქტიკულად მეორდება ის სურათი, რაც ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს. მე მინდა მადლობა გადავუხადო, რა თქმა უნდა, თითოეულ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. თითოეული ამომრჩევლის ხმა არის მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებაში, რასაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს. ამ გამარჯვებამდე არის დარჩენილი სულ რაღაც 2 საათი.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, თქვენ ხედავთ, რომ მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდობიან ვითარებაში, მშვიდ გარემოში. საქართველოში არის მთლიანად და ასევე საზღვარგარეთ შექმნილი 3 111 უბანი და ამ 3 111 უბნიდან არჩევნები მშვიდად წარიმართება 3 100-ზე მეტ უბანზე. იყო რამდენიმე უბანი, სადაც კონკრეტული ტელევიზიების კონკრეტული ჟურნალისტები, კონკრეტულ დაჯგუფებებთან ერთად მაინცდამაინც ერთად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე და იქ ირეოდა ვითარება. თუმცა ბოლო ერთი საათია ამ კუთხითაც დასტაბილურდა ვითარება, აღარ არის უბნებზე ასეთი მცდელობები და იმედი გვაქვს, რომ შემდეგი ორი საათის განმავლობაშიც საარჩევნო პროცესები სწორედ ასე გაგრძელდება

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში, 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე არჩევნები წარიმართება მშვიდ ვითარებაში. სადაც კონკრეტული ჟურნალისტი და კონკრეტული დაჯგუფება არ იყო წარმოდგენილი, ყველგან არჩევნები წარიმართებოდა აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში“, – აცხადებს პრემიერი.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს გამოცხადნენ საარჩევნო უბნებზე.

„რაც შეეხება თვითონ ჩვენს მოლოდინებს, ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი, თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია. ჩვენ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის გარანტირებული.

ჯერ კიდევ არის დარჩენილი 2 საათი, მოსასვლელია ალბათ 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, არის საჭირო თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ ამ არჩევნებში, არა მხოლოდ დიდი უპირატესობით მოვიგოთ და მოვიპოვოთ მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ასევე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ მაქსიმალურად გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და იმოქმედონ მაქსიმალური პასუხისმგებლობით საკუთარი ქვეყნის წინაშე.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, სასწორის ორ მხარეს დგას ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, ქვეყნის ბნელი წარსული ერთ მხარეს და მეორე მხარეს დგას ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც არის ძალიან დიდი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რა თქმა უნდა, თითოეულ ამომრჩეველს მაქსიმალურად მობილიზდნენ და გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე. რაც შეეხება იმ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა უბნებზე, უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი, მათ კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

Back to top button