საბედნიეროდ საქართველოს ვერ მართავენ აგენტურული პარტიები და „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, რისთვისაც უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე ცესკოს პირველად მონაცემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაუმჯობესებასაც ელიან.
„შეიძლება ოდნავ შეიცვალოს მონაცემები, რაც ცესკომ გამოაქვეყნა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბოლო მონაცემით იყო 2137 უბანი და 53% იყო. ეს არის ძირითადად პრაქტიკულად, რასაც შევხედეთ, დიდი ქალაქები.
ჩვენ რეგიონებში კიდევ გვაქვს ბევრი უბანი, რომლიდანაც როგორც ჩანს მონაცემები არ არის და ჩვენი წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ბევრი მონაცემი რეგიონიდან ჯერ შეყვანილი არ არის და არ არის გადაგზავნილი ზოგან.
მაგალითად, 30 ისეთი უბანია, სადაც ფიზიკურად ინტერნეტი არ იჭერს და ეს მონაცემებიც დაემატება და ასე შემდეგ, ეს კონკრეტული მაგალითები იყო. ჩვენ ველოდებით ცოტათი გაუმჯობესებას ამ შედეგების. დაახლოებით ეს შეიძლება იყოს 90-91 მანდატი, თუ მეტი არა.
გულწრფელად ვამბობ, მე პირადად მოლოდინი მქონდა, რომ 100 მანდატზე გვექნებოდა ჩვენ მცდელობა. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ერთი პარტიით ნაკლების გადალახვას, მაგალითად ის 8% პირობითად, ან გადაუნაწილებელი რომ დარჩენილიყო, ჩვენ თავისუფლად ვახერხებდით ამას, მაგრამ როგორც ჩანს აგენტურულმა პარტიებმა და მათმა პატრონებმა ეს კარგად გათვალეს, რომ თუ მოახერხებდა გახარიას პარტია პარაზიტობას „ქართული ოცნების“ ხმებზე, მაშინ 100 მანდატიანი უპირატესობის შანსი ქრებოდა, ეს სამწუხაროდ მოახერხეს, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს ვერ მართავენ აგენტურული პარტიები და „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, რისთვისაც უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.