„ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც „ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მისი თქმით, “რომ არა მოღალატეთა უპრეცედენტო ოდენობა და არასაკმარისი ელექტორალური აქტიურობა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც სავსებით შესრულებადი ამოცანა იქნებოდა”.
„ჩატარებული არჩევნების ჯერჯერობით მხოლოდ უმოკლესი “მათემატიკური” ანალიზით შემოვიფარგლები:
2024 წელს “ქართულ ოცნებას” სულ ხმა მისცა (ეს მონაცემები აწი მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვლება) – 1115576 ამომრჩეველმა (54,3%). ხოლო 2020 წელს – 926959 ამომრჩეველმა (48,15%). წელს ხელისუფლებას ხმა დაუჭირა 188617 ამომრჩევლით მეტმა;
2024 წელს “კლასიკურ” ნაცებს (“4″,”5″,”9”) სულ ხმა მისცა 593349 ამომრჩეველმა. ხოლო 2020 წელს – 522463 ამომრჩეველმა. ასე რომ, “კლასიკური” ნაცების წლევანდელი ნამატი შეადგენს – 70886 ამომრჩეველს;
“ატიპიური ნეონაცების” (გახარიას) სასარგებლოდ ხმა მისცა 154916 ამომრჩეველმა;
სულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2060412 ამომრჩეველმა (58,94%), რაც 2020 წლის მონაცემებს (1989829) – აღემატება მხოლოდ 70683 ამომრჩევლით.
ამ მოკლე მათემატიკური მონაცემებიდან შეიძლება გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები:
მიუხედავად უპრეცედენტო მოწოდებებისა – “ქუდზე კაცი” გამოსულიყო არჩევნებზე, 70 ათასიან მატებაზე მეტი წელს მაინც ვერ მივიღეთ;
“კლასიკური ნაცების” ამომრჩეველთა მატება საოცრად ემთხვევა ამ “დამატებითი” ამომრჩევლის რაოდენობას (70 ათასი) და მათ რიცხვს სტაბილურ 500-600 ათასიან ფარგლებს ინარჩუნებს;
კლასიკურ მოღალატეთა, “ატიპიურ ნეონაცების” (გახარია) ამომრჩეველმა (155 ათასი), განაპირობა წლევანდელ არჩევნებში ოპოზიციური სპექტრის გაძლიერება, ისევე – როგორც მათ ეს 2021 წლის არჩევნებში მოახერხეს;
და მთავარი – ამომრჩევლის საერთო რაოდენობის უმნიშვნელო მატების ფონზე, მხოლოდ “ქართულ ოცნებას” გააჩნია ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტორალური მატება – 188 ათასი. მხოლოდ ეს რაოდენობა აღემატება ცალ-ცალკე აღებულ “9”-ის და “25”-ის, და მაქსიმალურად მიახლოებულია “4”-ის და “5”-ის შედეგებამდე;
მმართველი პარტიის შედეგი ამ კუთხით თვალსაჩინოა და ქვეყანაში კლასიკური სექტანტების სტაბილური რაოდენობის ფონზე, რომ არა მოღალატეთა უპრეცედენტო ოდენობა და არასაკმარისი ელექტორალური აქტიურობა – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სავსებით შესრულებადი ამოცანა იქნებოდა”, – წერს ქართველიშვილი.