გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი ეს პერიოდი ზუსტად ამით იყვნენ დაკავებული და გამართლდა ის, რომ მათ არ სურთ, აღიარონ ხალხის ნება, არ აპირებენ მიიღონ ის მანდატი, რომელიც ხალხმა გადასცა.
„ცესკომ დაასრულა ხმების დათვლა სრულად. არჩევნების შედეგები უკვე ნათელი არის. თითქმის 900 000 ხმით „ქართულმა ოცნებამ“ აჯობა შემდეგ პარტიას, რომელიც მეორე ადგილზეა ამ არჩევნებში. ეს არის დიდი გამარჯვება ქართველი ხალხის, რომელმაც, ფაქტობრივად, გაიმეორა ნაბიჯი, რომელიც ხალხმა 2012 წელს გადადგა. გაუსწორა თვალი იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ რეალობა იყო და მოიცილა ეს საფრთხეები, ხოლო ამ არჩევნებზე იყო ამის რისკი, რომ განმეორდებოდა.
დიდი იმედი, მართალია, არა, მაგრამ მაინც, გულის კუნჭულში მაინც მქონდა იმედი, რომ არ მომიწევდა 2020 წლის მსგავსად გამოსვლა და ტყუილების მხილება. მაგრამ გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი ეს პერიოდი ზუსტად ამით იყვნენ დაკავებული და გამართლდა ის, რაც ჩვენ ვთქვით. გამართლდა ის, რომ მათ არ სურთ, აღიარონ ხალხის ნება, გამართლდა ის, რომ ისინი არ აპირებენ, მიიღონ ის მანდატი, რომელიც ხალხმა გადასცა. გამართლდა ის, რომ ამ ლოგიკიდან არ ამოვარდებოდნენ. 2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ იმისთვის, რომ ეღიარებინათ მარცხი. 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი. 2020 წელს არ აღიარეს და რამდენიმე თვე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი და ახლაც იმავე მდინარეში შევიდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც იგივე აღიარება მოუწევთ.
ახლა რაც შეეხება დეზინფორმაციებს, რომლებზეც უკვე შეჩვეული ვართ, რომ ვრცელდება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ადრე გვქონდა ძირითადი მანიპულაცია, რასაც ოპოზიცია აწარმოებდა, ეს იყო ბიულეტენები, ოქმები, გახსოვთ ფრიალი და ა.შ. ჩაიხსნა მთლიანად, იმიტომ, რომ ჩვენ შემოვიღეთ ელექტრონული სისტემა და ახლა გადავიდნენ სხვა სახის მანიპულაციებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.