პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „მე დღეს ის უფრო მაინტერესებს, აღიარებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებს, თუკი ტრამპი დემოკრატებს ბრალს დასდებს გაყალბებაში?“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს საქართველოსთვის არ უნდა ეცალოთ, რადგან ამერიკაში ვითარება უფრო და უფრო იძაბება, თუმცა საქართველო მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამიტომ, ერთპიროვნულ ბატონობას არ თმობენ.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ოპოზიციას აშშ-ს არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შემდეგ კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.
„სულ რამდენიმე დღე დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე. შტატებში სიტუაცია დღითი დღე იძაბება. დღეს რამდენიმე ადგილას საარჩევნო ყუთები დაწვეს, ტრამპი გაყალბების ფაქტებს უკვე აქვეყნებს, რესპუბლიკელები სერიოზული არეულობით იმუქრებიან თუკი დემოკრატები არჩევნებს გააყალბებენ და ა.შ. მოკლედ, არც ბაიდენს და არც მის მთავრობას საქართველოსთვის არ უნდა ეცალოს, საკუთარ ქვეყანაში დიდ არეულობას ელიან.
თუმცა, მათთვის საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ბუნებრივია, ერთპიროვნულ ბატონობას არ თმობენ. ვნახოთ, რა არჩევანს გააკეთებს ამერიკელი ხალხი, მაგრამ მათივე ინფორმაციის თანახმად, ფაქტია, ბევრი გაყალბებული ოქმის მხილველი გავხდებით. მე დღეს ის უფრო მაინტერესებს, აღიარებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებს, თუკი ტრამპი დემოკრატებს ბრალს დასდებს გაყალბებაში?
ვნახოთ, საინტერესო ფაქტების მომსწრე გავხდებით. ოპოზიციას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მცირე დრო აქვს, ხოლო შემდეგ, ყველაფერი სხვა ყალიბში ჩაჯდება. ჩვენ კი ინტერესით ველით, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება არჩევნები ამერიკაში?,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.