„ზოგადად, საერთაშორისო დასკვნებში ძალიან იშვიათად ვხვდებით ამ სიტყვებს და მანაც თქვა თავადაც, არც სხვაგვარად შეუფასებიათო. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ შეფასებებს და აქაც, თუკი სადმე არის მითითება პრობლემებზე, მნიშვნელოვანია, რომ ამას ჰქონდეს დასაბუთება, იყოს კონკრეტული ფაქტები წარმოდგენილი,“ – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჯოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ბორელმა აღნიშნა, რომ „დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ, მაგრამ არც პირიქით“.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში, ანგარიშში საუბარია დაუსაბუთებელ მოვლენებზე, რომელიც შემდეგ სისტემურ პრობლემად არის წარმოჩენილი, ამიტომ, მსგავსი განცხადებები ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
„ძალიან ხშირ შემთხვევაში, საუბარი არის რაღაც მცდელობებზე ან აბსოლუტურად დაუსაბუთებელ მოვლენებზე, რომელიც შემდგომ ანგარიშში მოცემულია, თითქოსდა როგორც სისტემური მოვლენა,
ეს გამოჩნდა კიდეც თავად პრესკონფერენციის ფარგლებში, რომელიც გამართეს დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე დღეს, როდესაც მაგალითად, საუბარი იყო თითქოსდა ხმის მიცემის მცდელობაზე რამდენიმეჯერ ერთი და იგივე ადამიანის მიერ და როდესაც მოხდა ჩაკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ეს სისტემური კი არა, ერთი მცდელობა ყოფილა, რომელიც სავარაუდოდ, იქვე იქნა აღკვეთილი. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ გვესმის ისეთი განცხადებები, რომელიც ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას და ზოგადად, შემდგომ ეს ყველაფერი უკვე უქმნის რეპუტაციულ ზიანს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ ასეთი განცხადებები იქნება დაფუძნებული ფაქტებზე და შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ კონკრეტული ფაქტების საფუძველზე იმსჯელონ და გააკეთონ შემდგომი რეაგირება,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.