ჩემში და ძალიან ბევრ მოქალაქეში იწვევს კითხვის ნიშნებს, რატომ ლაპარაკობენ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხეზე, დამძიმებასა და მძიმე გამოსავალზე – რეალურად ეს არის დესტაბილიზაცია, რომელიც ყოველთვის იყო ამ რადიკალური ბანაკის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცნობილია, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვეღარ მოვა და იგი ცდილობს „საარჩევნო ყუთის ავლით მიიღოს ძალაუფლება“.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცულია.
„ჩემში და ძალიან ბევრ მოქალაქეში იწვევს კითხვის ნიშნებს, რატომ ლაპარაკობენ სიცოცხლის საფრთხეზე, დამძიმებასა და მძიმე გამოსავალზე ის ადამიანები, თანაც იმ დროიდან, როდესაც ამის არანაირი მოცემულობა არ გახლდათ. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის გამოყენება სურთ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ამას წესრიგი რამდენად შეიძლება დაარქვათ, სხვა საკითხია, ამ შემთხვევაში დღის წესრიგი არის პირობითი სიტყვა – რეალურად ეს არის დესტაბილიზაცია, რომელიც ყოველთვის იყო ამ რადიკალური ბანაკის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი. „ნაცმოძრაობას“ თვითონაც არ სჯერა, რომ არჩევნებით მიაღწევს გამარჯვებას, ამიტომ, ისინი ცდილობენ, საარჩევნო ყუთის ავლით მიიღონ ძალაუფლება. ამას ვერ შეძლებენ, რადგან დღეს ქვეყანაში უსაფრთხოებას იცავენ ინსტიტუტები, დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებები გახლავთ მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში დაცული.
თუ რაიმე სამართლებრივი პრეტენზიები აქვს სააკაშვილს, არა თავის ოპოზიციონერ მეგობრებს უნდა აყვირებდეს, არამედ უნდა იყოს კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტებით საუბარი. მას მაქსიმალური ყურადღება მიეწოდება, რასაც პატიმრის უფლებები გულისხმობს. უნდა შეგახსენოთ თუ როგორ ეპყრობოდნენ მოშიმშილე პატიმრებს თავად სააკაშვილის მმართველობის დროს, ეს იყო მისი მხრიდან დაშვებული ძალადობა. დღევანდელ პენიტენციური სისტემასა და პენიტენციურ ჯანდაცვას და მაშინდელს შორის, არის დიამეტრალური განსხვავება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.