შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვაპირებთ ეს ქვეყანა ეკონომიკურად უფრო წინ წავწიოთ და მშვიდად გავიყვანოთ ევროპულ გზაზე. სხვა ქვეყნებს რა გეგმები აქვთ, ჩვენ ვერ განვჭვრეტთ, სხვების უსამართლობაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ

სხვა ქვეყნებს რა გეგმები აქვთ, ჩვენ ვერც განვჭვრეტთ, ვერც ვიფიქრებთ და ვერც ავაწყობთ ამაზე გეგმებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

„„ქართულ ოცნებას“ ხალხის ახალი მანდატი აქვს. ჩვენ ვაპირებთ, რომ საარჩევნო გეგმით ეს ქვეყანა ეკონომიკურად უფრო წინ წავწიოთ, ადამიანების ცხოვრების კეთილდღეობის დონე ავწიოთ და მშვიდად გავიყვანოთ ეს ქვეყანა ევროპულ გზაზე. სხვა ქვეყნებს რა გეგმები აქვთ, ჩვენ ვერც განვჭვრეტთ, ვერც ვიფიქრებთ და ვერც ავაწყობთ ამაზე გეგმებს. ჩვენ გვაქვს მილიონ ას ოცი ათასი ადამიანის მიერ მონიჭებული მანდატი და ჩვენი პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის ინტერესებით ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ დასმულ კითხვას. პაპუაშვილი დაინტერესდა, რომელ წყაროზე დაყრდნობით საუბრობს ჟურნალისტი, როდესაც ის ამბობს, რომ არსებობს დოკუმენტი ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. მედიის წარმომადგენლების განმარტებით, საუბარია „ამერიკის ხმის“ ინტერვიუზე შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირთან, რომელიც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრა.

„„ანონიმკები“ მე მახსოვს საბჭოთა კავშირიდან და თუ ამ მეთოდით უნდა ვინმეს დეზინფორმაციის გავრცელება, ეს სხვა საკითხია. მე მგონი ხედავთ, რომ ასეთ ინფორმაციებზე რეაქცია არ გაქვს მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ სხვების უსამართლობას ვერც გავთვლით და ვერც პასუხისმგებლობას ავიღებთ სხვების უსამართლობაზე. ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა და ხედავთ ყველა მიმართულებით როგორ კარგად მიდის ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ერთი რამე ჩანს მკაფიოდ, რომ ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების გზა და პოლიტიკა არის სწორი და ის ვინც ცდება საქართველოსთან მიმართებით, ისტორია გვაჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში გამოჩნდება, რომ ეს მცდარი მიდგომა იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Back to top button