დავით ქართველიშვილი: თუ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ ენდობიან სასამართლო სისტემას, მოსამართლე ხუჭუას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ორი ოლქის შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით რატომ ენდობიან?

„ოპოზიციური სპექტრიდან საარჩევნო უბნებზე კომისიის 25 000 წევრი იყო, მაგრამ მათ მთელი დღის დაკვირვების შემდეგ, მხოლოდ ცხრა შენიშვნა გამოთქვეს. მოვისმინეთ ეუთო/ოდირის დასკვნაც, რომელშიც ფარულობასა თუ ღიაობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოთქმულა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აბსურდზე საუბრობს ოპოზიცია, როცა რაიმე პრეტენზიას გამოთქვამს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდა.

„არჩევნების ჩატარებამდე, ნიდერლანდების მიერ გამოშვებული ეს ელექტრონული მანქანები, ამერიკულმა ავტორიტეტულმა ტექნიკურმა აუდიტორულმა კომპანიამ შეამოწმა და ყველა ეჭვი გააქარწყლა. ამიტომ, აბსურდზე [საუბრობს ოპოზიცია, როცა რაიმე პრეტენზიას გამოთქვამს]. მით უმეტეს, რომ თითოეული საარჩევნო უბანი ვიდეო დაკვირვების ქვეშ იყო. პროკურატურამ კი ყველა ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით მომენტალური გადაწყვეტილება მიიღო და სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, თან ყველა მხარეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

სასაცილოა ისიც, რომ თუ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ ენდობიან სასამართლო სისტემას, ამ კონკრეტულ მოსამართლე ხუჭუას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, [ორი ოლქის შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით], რატომ ენდობიან? ის აღარ არის ქართული სასამართლო სისტემის მოქმედი წევრი?“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

Back to top button