ზურაბ ქადაგიძე: არჩევნების დღეს გაიცა დავალება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი დახმარებოდა „ლელოს“ და გახარიას ბარიერის გადალახვაში

„წარმოიდგინეთ, მხოლოდ „ნაცმოძრაობა“, როგორც ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი რომ იყოს პარლამენტში, მისი წონა თავისი ლიდერებით იქნებოდა ნული. საჭირო იყო შირმა და ლეღვის ფოთლის შემსრულებელი პარტიები – „ლელომ“ და გახარიას პარტიამ „ნაცმოძრაობისთვის“ ამ არჩევნებზე შეასრულეს მეხამრიდის როლი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ თავისი ბნელი ისტორიით, არის მკვდრადშობილი ოპოზიციური პარტია.

„26 ოქტომბრის არჩევნებისთვის არსებობდა ორი გეგმა. პირველი, უნდა მომხდარიყო ტანდემი „ლელოსი“ და გახარიასი. წარმოსადგენად ოდიოზური მოცემულობაა – ერთი ჯოხის ორი ბოლო ანუ ხაზარაძე და გახარია. მთელი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ ოპოზიციას არჩევნებზე არ დაეკარგა ამომრჩეველი. ამ გეგმის შესრულებაში ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც არაერთხელ აღიარა, რომ ის სხვადასხვა აქტორებთან აგვარებდა ამ საკითხს. ამ გეგმამ არ გაამართლა, არ მოხდა „ლელოსა“ და გახარიას გაერთიანება და დადგა ეგზისტენციალური საკითხი, თუ როგორ მომხდარიყო ისე, რომ ამ ორ პარტიას გადაელახა ბარიერი.

წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონებში ყოფნის დროს ვნახეთ, რომ ხშირ შემთხვევაში დახურული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები და იქ მანამდე მომუშავე ადამიანები ემსახურებოდნენ „ლელოს“ ან გახარიას პარტიას.

გამომდინარე იქიდან, რომ არ გაამართლა გეგმამ „ა“, დღის წესრიგში დადგა გეგმა „ბ“. ბარიერი აუცილებლად უნდა გადაელახა „ლელოს“ და გახარიას და ამისთვის გამოყენებული იქნა ამომრჩევლის გათვალისწინებით ყველაზე მეტი რესურსის მქონე „ნაციონალურ მოძრაობა“. მან დაარეზერვა საკუთარი აქტივი. არჩევნების დღეს აღმოჩნდა, რომ „ლელოს“ ასე თუ ისე უჭირდა ბარიერის გადალახვა, მაგრამ გახარიას ძალიან უჭირდა და გაიცა დავალება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი დახმარებოდა „ლელოს“ და გახარიას ბარიერის გადალახვაში.

„ნაცმოძრაობა“ თავისი ბნელი ისტორიით, არისმკვდრად შობილი ოპოზიციური პარტია. წარმოიდგინეთ, მხოლოდ „ნაცმოძრაობა“, როგორც ოპოზიციური პარტია, წარმოდგენილი რომ იყოს პარლამენტში, მისი წონა თავისი ლიდერებით იქნებოდა ნული. საჭირო იყო შირმა და ლეღვის ფოთლის შემსრულებელი პარტიები – „ლელომ“ და გახარიას პარტიამ „ნაცმოძრაობისთვის“ ამ არჩევნებზე შეასრულა მეხამრიდის როლი“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Back to top button