ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელიც კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდს უკავშირდება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ასევე ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე, საბოლოო ეტაპის დასკვნაზე და მიგნებებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩევნების წინასწარი ანგარიში, რომელშიც ადმინისტრაციის საქმიანობა და კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიური ინტერვენცია დადებითად არის შეფასებული.

„საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ, როგორც საერთაშორისო ისე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რადგან მათ ჰქონდეთ ვერიფიცირებული ინფორმაცია ადმინისტრაციის საქმიანობისა და ყველა მიმდინარე საკითხის შესახებ. ადმინისტრაცია ყველა არჩევნების შემდეგ ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზება და მათი შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება დადებითად აისახება საარჩევნო გარემოზე. დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის არჩევნების წინასწარი ანგარიში განვიხილეთ და დეტალურად ვისაუბრეთ მათ რეკომენდაციებსა და მიგნებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია დადებითად აფასებს რიგ აქტივობებს, რომლებიც ადმინისტრაციამ არჩევნების დღეს განახორციელა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა. თავის მხრივ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საარჩევნო ადმინისტრაციას პროაქტიული თანამშრომლობისთვის.

შეხვედრა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ნატაშა როთჩაილდი, რიში დატა და რობერტ ბისტრიცკი ესწრებოდნენ.

Back to top button