სოზარ სუბარი: მიმდინარეობს ბრძოლა ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის და ამ ბრძოლაში ჩვენს სამშობლოს, სარწმუნოებასა და ღირებულებებს სავაჭროდ არ გავხდით

პარლამენტის წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება.

„საქართველო უპირისპირდება გლობალურ წესრიგს“, – ეს სიტყვები 2007 წელს ლევან გაჩეჩილაძემ ერთ-ერთ მიტინგზე წარმოთქვა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველო მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა.

მანამდე ზვიად გამსახურდიას დაემუქრა ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომ ის დინების წინააღმდეგ მიდიოდა და მას ამას არ აპატიებდნენ. საქართველო დღესაც დინების წინააღმდეგ წავიდა და ამის გამოა ასეთი გააფთრებული შეტევა ჩვენს წინააღმდეგ.

ის დინება, ის მეინსტრიმი, რის მიყოლასაც დასავლელი ლიდერები გვაიძულებენ, არის დაპირისპირება კაცობრიობის საუკუნოვან მონაპოვართან. გვაიძულებენ, უარი ვთქვათ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, სარწმუნოებაზე.

სწორედ ამიტომ მოითხოვენ ჩვენგან ასე დაჟინებით, რომ გავაუქმოთ ჩვენს მიერვე მიღებული კანონი „არასრულწლოვანთა დაცვისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ“; მოითხოვენ, უარი ვთქვათ ეროვნულ სუვერენიტეტზე და გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხება, არა ჩვენს სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ იქნეს მიღებული, ჩვენ კი უბრალოდ დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებებს და მორჩილად აღვასრულოთ ისინი; მოითხოვენ, რომ საქართველო მართოს არა ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, არამედ ქვეყნის გარედან დანიშნულმა და გარედან ხელდასხმულმა აგენტურამ.

ეს პროცესი არ ხდება მხოლოდ საქართველოში. დღეს ნეოლიბერალები, უფრო ზუსტად ლიბერალ-ფაშისტები, მთელ მსოფლიოში იბრძვიან ეროვნული სუვერენიტეტის, ტრადიციული ღირებულებებისა და ტრადიციული ავტორიტეტების წინააღმდეგ. 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის ნგრევის ეპოქაში, ძალიან პოპულარული იყო სემუელ ჰანტინგტონის თეორია, რომ 21-ე საუკუნე იქნება ცივილიზაციათა ჯახის, სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის ბრძოლის ეპოქა. მაგრამ დღეს ვხედავთ სხვა პროცესს – ეს არის ანტიცივილიზაციის ბრძოლა ცივილიზაციის წინააღმდეგ, ბრძოლა კაცობრიობის მიერ ათასწლეულების განმავლობაში შექმნილი კულტურისა და ღირებულებების წინააღმდეგ.

ამ ბრძოლაში დღეს საქართველო აღმოჩნდა მედროშე და მოწინავე კაცობრიობის ძირითადი ღირებულებების ბრძოლის სადარაჯოზე. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ ასე გაცოფებით, რომ გავაუქმოთ ის კანონები, რომელთა მიზანია, დავიცვათ ჩვენი იდენტობა, ჩვენი სარწმუნოება და ტრადიციული ღირებულებები. ეს ის ზღვარია, სადაც ჩვენ უკან ვერ დავიხევთ, ჩვენ ჩვენს სამშობლოს, სარწმუნოებასა და ღირებულებებს სავაჭროდ არ გავხდით,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Back to top button