საზოგადოება „ქართული“: ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლი იყო და არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ხალხზე წინ გარე ძალების ინტერესებს აყენებს

საზოგადოება „ქართული“ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განაყოფებს.

მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ გაემიჯნონ დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ რადიკალიზმს, უარი თქვან გარედან ავტომატური მართვის რეჟიმზე და იქცნენ რეალურად „მესამე ძალად,“ – ნათქვამია ვრცელ მიმართვაში, რომელიც საზოგადოება „ქართულმა“ დღეს გაავრცელა.

„ახალგაზრდებმა მხოლოდ მონაყოლით იციან, შედარებით უფროსი თაობა კი თვითმხილველია, თუ რა მოუტანა საქართველოს პოლიტიკურმა რადიკალიზმმა და ზღვარგადასულმა პოლარიზაციამ- სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და ცხინვალის ტრაგედიები და ეკონომიკის ნგრევა. მიზეზებზე დღემდე მიმდინარეობს კამათი, თუმცა, ცხადია, რომ საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ქართული პოლიტიკური კლასი, რომელსაც არ ეყო უნარი და გამოცდილება, ემოქმედა საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებით.

მოარული გამოთქმა, რომ ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, გარკვეულწილად სწორია, თუმცა – გაზვიადებული. პოლიტიკური კლასი შედგება არა მხოლოდ მმართველი ძალისგან, არამედ ოპოზიციის ფართო სპექტრისგანაც. საქართველოს დამოუკიდებლობის განვლილი სამი ათეული წელი ადასტურებს, რომ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე არანაკლები პასუხისმგებელია ოპოზიცია, რომელიც დღემდე რჩება ქართული პოლიტიკის თავის ტკივილად.

დამოუკიდებელ პირველ ქართულ ხელისუფლებას, სეპარატისტული ანკლავების სახით, იმპერიამ ნაღმები დაუტოვა. ზვიად გამსახურდიამ სცადა მშვიდობიანად მოეგვარებინა პრობლემები ცხინვალის რეგიონში და დაელაგებინა ურთიერთობები რუსეთთან, რაც სტრატეგიული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანა იყო. 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში პრეზიდენტებმა ზვიად გამსახურდიამ და ბორის ელცინმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებდა: ერთობლივი ძალებით ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებების განიარაღებას, კონფლიქტის ზონიდან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების გაყვანას, დევნილების სახლებში დაბრუნებას და საბოლოო მშვიდობის დამყარებას. თუმცა, სექტემბრიდან საქართველოში მოხდა დაძაბულობის ესკალაცია იმ ოპოზიცური ძალების მხრიდან, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს 1990 წლის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებს, ჩამოაყალიბეს ე. წ. ალტერნატიული პარლამენტი ეროვნული კონგრესის სახით და თბილისის ცენტრში ბარიკადები ააგეს. საბოლოოდ, ეს დაპირისპირება და პოლიტიკური რადიკალიზმი დამთავრდა უდიდესი ტრაგედიით – 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის „თბილისის ომით“, რამაც მომდევნო წლებში ქვეყნისთვის დამანგრეველი ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია: ომი აფხაზეთში, სამოქალაქო ომი დასავლეთ საქართველოში, ეკონომიკური კოლაფსი და კრიმინალის თარეში.

ცხადია, მაშინდელი ხელისუფლება ვერ მოიხსნის ასეთი მოვლენების განვითარებისთვის პასუხისმგებლობას, თუმცა, ბრალეულობის მთავარი ტვირთვი მაინც მაშინდელ ოპოზიციაზეა თავისი რადიკალიზმით, არასახელმწიფოებრივი მიდგომებით, სუბიექტურის საზოგადოზე მაღლა დაყენებით, უსაფუძვლო ამბიციებითა და სულსწრაფობით, რაც ოსტატურად გამოიყენეს გარედან მართულმა კრიმინალურმა ძალებმა და ძალადობრივად ჩამოაგდეს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება. ეს უნდა ითქვას ღიად, რადგან, სამწუხაროდ, 90-იანი წლების ქაოსმა ჩვენს ოპოზიციას ჭკუა ვერ ასწავლა და პოლიტიკური ბრძოლა საქართველოში ხშირად ისევ ძველი, გარეთ დაწერილი ანტისახელმწიფოებრივი სცენარებით მიმდინარეობს.
არანაკლებ ტრაგიკული გამოდგა ოპოზიციის არასახელმწიფოებრივი ქმედებები შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც, როცა გაჩნდა ისტორიული პერსპექტივა, საქართველოს აღედგინა ტერიტორიული მთლიანობა. 1996 წელს რუსეთმა და დსთ-ს სახელმწიფოებმა აფხაზ სეპარატისტებს სანქციები და ეკონომიკური ბლოკადა დაუწესეს, რადგან აფხაზური მხარე ქართველი დევნილების დაბრუნებაზე უარს აცხადებდა. 1997 წელს რუსეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა თბილისში მთავარი სეპარატისტი ვლადისლავ არძინბა ჩამოიყვანა. 2000-იანი წლების დასაწყისში საკითხის გადაწყვეტა თითქმის მომწიფებული იყო, თუმცა, გარედან მართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს, რასაც მოჰყვა 2001 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მთავრობის საკვანძო ფიგურების გადადგომა და შევარდნაძის ძალაუფლების ჩამოშლა.

ეს იყო ხელისუფლების დამხობის გარე ძალების შემუშავებული გეგმის რეპეტიცია, რაც საბოლოოდ 2003 წლის 23 ნოემბერს დაგვირგვინდა. შედეგად, საქართველო გავლენის ორ სფეროდ დაიყო, აფხაზეთის საკითხი კი კვლავ ჩიხში შევიდა – რუსეთმა ისარგებლა შექმნილი ვითარებით და სეპარატისტებს ჯერ სანქციები მოუხსნა, 2008 წლის ომის შემდეგ კი აღიარა.

ოპოზიცია, მიუხედავად ჯანსაღი შემადგენლობის, გულწრფელი მიზნებისა და სიმართლისა, ვერც სააკაშვილის რეჟიმის დროს გახდა პოლიტიკურად წონადი და ანგარიშგასაწევი ძალა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ბოიკოტისა და მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილებით, ოპოზიციამ პოლიტიკური პროცესი პირწმინდად წააგო. სამაგიეროდ, ძლიერი ოპოზიციის გარეშე დარჩენილ სააკაშვილის რეჟიმს გაუმყარდა დაუსჯელობის სინდრომი, ახალი სიმძლავრით აამუშავა ძალმომრეობის დანაშაულებრივი მანქანა და გარედან კარნახით ჩაერთო ავანტურისტულ ომში , რომლის შედეგებსაც დღემდე ვიმკით.

უახლეს ისტორიაში ერთადერთი მაგალითი, როცა ოპოზიციამ შეძლო ემოქმედა პრაგმატიზმით და სახელმწიფოებრივად, იყო 2011 წელი, როცა პოლიტიკაში მოსული ბიძინა ივანიშვილის წინაშე ერთდროულად რამდენიმე ფართომასშტაბიანი გამოწვევა იყო – საგარეო ზეწოლა, სააკაშვილის რეჟიმის ძალმომრეობა, ოპოზიციით ტოტალურად იმედგაცრუებული ამომრჩეველი და ქვეყანაში დასადგურებული შიში. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილმა არ გადაუხვია თავის სტრატეგიას – ხელისუფლება მშვიდობიანად შეცვლილიყო ისე, რომ ქვეყანა არ დაზიანებული. ასეც მოხდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს და პირველად ქვეყნის ისტორიაში ნავსიც გატყდა.

სამწუხაროდ, ეს წარმატებული თუ წინა მარცხიანი მაგალითები ქართული ოპოზიციური სპექტრისთვის არ გადაზრდილა გამოცდილებაში, რადგან ოპოზიციური ველი მთლიანად მონოპოლიზებული აღმოჩნდა გარედან მართული რადიკალური და რევანშისტული ნაციონალური მოძრაობის მიერ. თუმცა, ისტორია მასაც ისე ექცევა, როგორც ყველა სხვა რადიკალს-მუდმივი დესტრუქციის, სიძულვილის ენის, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისა და საკუთარი ამომრჩევლისადმი უპატივცემულობის შედეგად 2020 წლის შემდეგ ეს პარტია გაიხლიჩა, 2024 წლის არჩევნებში კი საკუთარმა განაყოფმა აჯობა და ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ დასრულდა, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა.

განვლილი წლები გვასწავლის, რომ ბოიკოტი და არჩევნების შედეგების არაღიარება არის ქართული პოლიტიკური კლასის უმწიფრობის შედეგი, რასაც გარე ძალები ხშირად იარაღად იყენებენ ქართულ პოლიტიკაში ქაოსის დათესვისა და ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევისთვის. ეს გარე ძალები შემდეგ თავად გვევლინებიან მომრიგებლის როლში. ასე მოხდა 2020 წელს, როდესაც ოპოზიცია ახალარჩეულ პარლამენტს არ აღიარებდა, რის გამოც ქართულ პოლიტიკაში მთავარი ფიგურები გახდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები.

ფაქტია, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაღიარება და ბოიკოტი კვლავ გარედან იმართება „ოცნების“ მხრიდან მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო. შესაბამისად, უცხოური ინსტრუქციების ბრმად შემსრულებელი პოლიტიკური ლიდერების ქმედებაში სახელმწიფოებრივად არც ლოგიკა ჩანს და არც საღი აზრი. ჩვენთვის გაუგებარია თუ რას აპროტესტებენ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია, როდესაც მათ პარტიებთან დაკავშირებით ცესკოს მონაცემები თითქმის დაემთხვა „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლებს, გამოდის, რომ ისინი აპროტესტებენ „ნაცმოძრაობის“ მარცხს და იმას, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდა?!

ვფიქრობთ, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ გაემიჯნონ დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ რადიკალიზმს, უარი თქვან გარედან ავტომატური მართვის რეჟიმზე და იქცნენ რეალურად „მესამე ძალად“ იმით, რომ გახდნენ პრაგმატულები, კონსტრუქციულები და ქართულ თემებზე ორიენტირებულები.

სხვა თუ არაფერი, ამით ისინი იმასაც დაამტკიცებენ, რომ არ არიან ფარულ ალიანსში ნაციონალებთან და საჯარო სივრცეში გავრცელებული მოსაზრება, 26 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში მათთვის „ნაციონალური მოძრაობის” ხმების მობილიზების შესახებ-არ შეესაბამება სინამდვილეს. გლობალურად ნეოლიბერალიზმის მარცხისა და ამერიკაში კონსერვატორი ტრამპის დაბრუნების პირობებში, ეს მათთვის ისტორიის მიერ მიცემული შესაძლებლობაა, რომლის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ისინი გადაინაცვლებენ პოლიტიკურ სასაფლაოზე.

ზემოთმოყვანილი მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლი იყო და არის ოპოზიცია – რომელსაც უცხოურ პოლიტიკურ წრეებთან პარტნიორობა პატრონყმობა ჰგონია და აზრს საკუთარ ამომრჩეველს კი არ ეკითხება, არამედ სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქში მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს. უფრო მეტიც, გადამწყვეტ მომენტებში ქვეყნის ინტერესებით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ საგარეო დაკვეთით ცდილობს დესტაბილიზაციისა და ქაოსის გამოწვევას.

ფაქტია, რომ სანამ ოპოზიცია პოლიტიკურად არ გაიზრდება, არ ისწავლის გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებას, სახელმწიფოებრივ აზროვნებას, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგომას, გარე ძალებზე წინ საკუთარი ხალხის დაყენებას და რეალური პოლიტიკის განხორციელებას არ დაიწყებს, მანამდე ქართული სახელმწიფოს ნავი იქნება მუდმივ პოლიტიკურ რყევებში. ამიტომ, ქართული პოლიტიკის #1 ამოცანა დღეს არის ჯანსაღი, ქვეყნის და ერის ინტერესებზე ორიენტირებული ძლიერი ოპოზიციის შექმნა.” – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.

Back to top button