პაპუაშვილი: ილიას საქართველო ვართ აქ, ჩვენ ვართ მისი გზის გამგრძელებლები და ივერია იბრწყინებს ჩვენი ყველას ხელით

„საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმე“, – ამის შესახებ საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ილიაობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია.

„დღეს ჩვენი შეკრება მოხდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სულ ახლახან ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, თავისი არსით და შინაარსით უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ არჩევნები. სულ ახლახან ქართველმა ერმა, ცალსახად და სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას, დაცულობას, მოძლიერებას და წინსვლას მართლაც ამ ურთულეს დროში.

საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს, ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს გამტკიცების საქმე. უნდა გვახსოვდეს, – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ ჩვენს გამო სხვა თავს არ მოიკლავს, ჩვენს გამო არავინ გაწირავს საკუთარს. უნდა ვიცოდეთ, ის რაც გვაბადია, ჩვენივე საპატრონოა. ჩვენ ამის პასუხისმგებლობა გვაკისრია როგორც წინაპრების, ასევე, ჩვენი შვილებისა და მომავლის წინაშე.

როგორც ყველა დროში, ისე დღესაც, ჩვენ ვართ მომსწრე ბოროტების, მტრობის, შინაურის ძირგამომთხრელი საქმიანობის, ძალაუფლების ჟინითა და შურისძიების წყურვილით აღვსილი ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან ყოველი საშუალებით უმტრონ ქვეყანას და თავისი უპასუხისმგებლობით, როგორც არაერთხელ მომხდარა, ქვეყანა გადაჩეხონ და თავად იხეირონ. ჩვენს წარსულში, ასეთი ადამიანებისგან ნასროლი ტყვია მოხვდა ბევრ ქართველს და პირველ რიგში ილიას.

ტყვიები დღესაც ზუზუნებენ, ხილულიც და უხილავიც. ამ ტყვიების სამიზნე დღეს, ადამიანის გონებაა. ცდილობენ სიცრუით, ტყუილით, ორპირობით ადამიანთა გონების არევას, ფიზიკური რეალობის უარყოფას, სამშობლოზე წინ სხვათა ინტერესების დაყენებას. ეს არის ჩვენი აწმყო, ჩვენი სირთულეები თუ გამოწვევები, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. მაგრამ არსებობს ერთი დიდი განსხვავება, დღევანდელ საქართველოსა და საუკუნე-ნახევრის წინანდელ საქართველოს შორის. დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია, რომლის აწმყოც იყო ყამირი მიწა და სწორედ მას ხვდა წილად ამ ყამირის გატეხის და საძირკვლის ჩაყრის ღვაწლი.

დღეს კი ჩვენი თაობის შესაძლებლობაა რომ დაწყებული საქმე დავასრულოთ, შევქმნათ ისეთი მყარი სახელმწიფო, სამოქალაქო განცდით, ეროვნული თვითშეგნებით, სამშობლოს სიყვარულით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არაერთ ოქროს ხანას დაუდებს სათავეს. ილიას საქართველო ვართ აქ. დღევანდელი დღე, ჩვენი აწმყო, არის მისი კვალი, ჩვენ ვართ მისი გზის გამგრძელებლები და ივერია იბრწყინებს ჩვენი ყველას ხელით ერთად!“ – აცხადებს პაპუაშვილი.

Back to top button