„თუ გასულ წლებში ევროპის პოლიტიკური ტრიბუნა მხოლოდ ფსევდოლიბერალებს ეჭირათ, დღეს მათ საპირისპირო მოსაზრებებსაც ვისმენთ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები ევროპარლამენტის არჩევნებამდე, რომ ჩატარებულიყო, ევროპაში დღეს სხვა მოცემულობა იქნებოდა.
„ბოლო წლებში, დასავლეთში დემოკრატიის უკუსვლამ, გაბატონებულმა ომის პოლიტიკამ და ლგბტ პროპაგანდამ, თავად მათში შვა ჭეშმარიტი დემოკრატიის და ჯანსაღი ღირებულებების მიმდევრები. ეს პოლიტიკური ძალა დღითი დღე ძლიერდება და ანგრევს გაბატონებულ სიყალბეს არა მარტო ამერიკასა და ევროპაში, არამედ, მათ პარტნიორ ქვეყნებშიც.
დღევანდელი დებატები ევროპარლამენტში სწორედ ამის დასტურია. თუ გასულ წლებში ევროპის პოლიტიკური ტრიბუნა მხოლოდ ფსევდოლიბერალებს ეჭირათ, დღეს მათ საპირისპირო მოსაზრებებსაც ვისმენთ. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები რომ ევროპარლამენტის არჩევნებამდე ჩატარებულიყო, ევროპაში დღეს სულ სხვა მოცემულობა გვექნებოდა.
ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ევროპელ ლიბერალებს დრო აქვთ და მაქსიმალურად ცდილობენ, ეს მცირე დრო საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, მათ შორის, საქართველოშიც.
ევროპელმა ლიბერალებმა იციან, რომ საქართველოში ახალი პარლამენტი მალე დაიწყებს მუშაობას. ოპოზიციას კი არ შესწევს ამ პროცესების შეჩერების უნარი. ამიტომ, კვლავ ევროპის ტრიბუნიდან სურთ ქართველი ხალხის გაღიზიანება და ამით ოპოზიციაში მუხტის აწევა. ევროპარლამენტში დებატებიც სწორედ ამ მიზნით გაიმართა. თუმცა, ადგილზევე ოპონენტების დამაჯერებელმა გამოსვლამ, მათი მიზნები დაამსხვრია.
ერთადერთი, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, არის ის, რომ დასავლეთის პოლიტიკურ პანდემიას ჩვენთან ერთად თავად ევროპელებიც ებრძვიან და ეს ბრძოლა აუცილებლად ჭეშმარიტი დემოკრატიის გამარჯვებით დასრულდება“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.