თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „ლეგენდა“ მეთექვსმეტედ იმართება. თსუ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს. ლიტერატურული კონკურსი იმ სტუდენტებისთვისაა, ვისაც ლიტერატურა უყვართ, საკუთარი თავის მწერლის სტატუსით გამოცდა სურთ, ან საამისოდ უნარების დახვეწა უნდათ.
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან პირველ ეტაპზე შემოსული 250-მდე პროზაული ნაშრომიდან, შიდა ჟიურიმ ფინალისთვის 10 საუკეთესო გამოავლინა. იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტებმა არაფორმალურ გარემოში 12 საათის განმავლობაში, ახალი პროზაული ნაშრომები შექმნეს ჟიურის მიერ შეთავაზებულ ორი თემაზე: “გთხოვთ, გაიაროთ ვერიფიკაცია” და “არავის უნდა დაიჯეროს, რომ ბაღი კვდება.” იმპროვიზაციულ ტურში შექმნილი წლევანდელი ნაწარმოებებიც, ტრადიციისამებრ, ყოველწლიური კრებულის სახით დაიბეჭდება.
ფართო საზოგადოებისთვის „შემოდგომის ლეგენდის“ სახელით ცნობილი კონკურსი, წელს უკვე „ლეგენდის“ სახელით გაიმართა. „ლეგენდა 2024-ის“ ჟიურის წევრები არიან მწერლები:გიორგი ლობჟანიძე, დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი და „შემოდგომის ლეგენდის“ შარშანდელი გამარჯვებული სტუდენტი – თორნიკე ლელაშვილი.
„ფინალისტები ნიჭიერები რომ არიან, იქიდანაც ჩანს, რომ 200-ზე მეტი მონაწილედან საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. შეთავაზებული თემები იმდენად საინტერესოა, რომ თავადაც სიამოვნებით დავწერდი. ამავე დროს, მაინტერესებს როგორ შეიძლება დაწერო ასეთ სიტუაციაში, როდესაც გარშემო ასეთი მხიარულიგარემოა. მონაწილეებს რომ ვკითხე, ხელი არ გვეშლებაო. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ჟიურიში როგორც ცნობილი მწერლები, ასევე შარშანდელი გამარჯვებული სტუდენტიცაა“, – ასე შეაფასა კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა.
„თავიდანვე დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი მწერლების ლიტერატურულ დაოსტატებას და ჩამოყალიბებას. თუკი, საქართველოს მომავალი ექნება, იგი ჩვენი ლიტერატურის მომავლითაც უნდა იყოს განსაზღვრული. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი თაობა მოდის. ჯერ არ ვიცი როგორი შედეგები იქნება, მაგრამ დღეს გავიცანი ბავშვები და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დამრჩა. ისინი თუნდაც ჩემი თაობისაგან ძალიან განსხვავებულები არიან და ძალიან მაინტერესებს, რას და როგორ ფიქრობენ, რა აინტერესებთ და რა აწუხებთ. და ის კი, რომ ნიჭიერები არიან აშკარაა“, – განაცხადა ჟიურის წევრმა, მწერალმა, თსუ პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ.
კონკურსის საპრიზო ფონდი წელს გაზრდილია. პირველი ადგილის მფლობელი 1500 ლარსა და კონკურსის სიმბოლოს მიიღებს, მეორე ადგილოსანი- 1000 ლარს, მესამე ადგილზე გასული კი – 700 ლარს. ამასთან, წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული მომდევნო წლის ჟიურის წევრი იქნება.
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ირმა კიკაძე წინა წელსაც მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა, ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა:„წელს ბედმა გამიღიმა თუ ნაშრომი იყო უკეთესი – არ ვიცი,, ლეგენდის ფინალურ ტურში აღმოვჩნდი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი უნდა სცადო და ბარიერები უნდა გადალახო. მომავალში, როდესაც მსგავსი კონკურსის ან პროექტის შესახებ გავიგებ, უკვე აღარ მომერიდება და მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ“.
თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის ფინალურ ტურში თსუ-ის სტუდენტებთან ერთად, ილიაუნის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. „ლეგენდა 2024“-ის გამარჯვებულები ნოემბრის ბოლოს გამოვლინდებიან.