ოპოზიციის გეგმის არარსებობა, სინამდვილეში, ერთი რამის შედეგია – მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში – “აქტუალური თემა” განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას აქვს ძალიან სუსტი პოზიციები, ვინაიდან არც საბაბი აქვთ არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ და არც ხალხის მხარდაჭერა.
„ადრე იყო, 4 წლის წინ, დავუშვათ, ადამიანური შეცდომები, ტექნიკური ხარვეზები, დისბალანსები ოქმებში და ა.შ. ახლა ასეთი რამეებიც კი არ არის, ანუ აბსოლუტურად სუფთაა ყველაფერი და ამ კუთხით აქვთ სუსტი პოზიციები და ასევე მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერა დღეს არის კიდევ უფრო სუსტი, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. თქვენ იცით, რამხელა სხვაობა იყო ჩვენს შედეგსა და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის. ეს იყო 890 000 ხმა, ანუ ჩვენმა პარტიამ აიღო 890 000 ხმით მეტი მეორე პარტიასთან შედარებით, 43 %-ით მეტი ავიღეთ. ერთი და იგივე რესურსი სჭირდება საარჩევნო წარმატებას და ქუჩაში წარმატებას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა, ბუნებრივია, ვერც იქ გექნება წარმატება და ვერც აქ და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არც გეგმა აქვთ, ვინაიდან რაღაც უნდა გიმაგრებდეს პოზიციებს, რომ გეგმა დასახო შენი აქტივობისთვის. გეგმას ზუსტად იმიტომ ვერ სახავენ, რომ არავითარი სიმყარე არ აქვთ საკუთარ პოზიციებში. არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი არიან სუსტად წარმოდგენილნი,” – განაცხადა პრემიერმა.