ერთია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ მეორეა ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა” განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სუვერენიტეტის დაცვაზე გადის ეროვნული ინტერესების დაცვის ხაზი და ამ პოლიტიკის გატარება გაგრძელდება მომავალშიც.
„ჩვენი საარჩევნო სლოგანი იყო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. აქ ღირსება იყო ერთ-ერთი საკვანძო სიტყვა. თუ ღირსებით არ აწარმოებ შენს პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ვერ დაიცავ სათანადოდ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. მნიშვნელოვანია, ყველგან ვაჩვენოთ ჩვენი პრინციპები, სადაც ვიღაც ცდილობს, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში, იქ ჩვენ ღირსეულად უნდა დავიცვათ საკუთარი პოზიციები. ხშირად ცდილობენ უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები, რომ უხეშად ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში და გადაგვიწყვიტონ, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, მათ შორის ძალიან ხშირად გვთხოვენ ისეთ რამეს, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნისთვის უმძიმესი პრობლემების მოტანას საკუთარი ხელით. მაგალითად, გვთხოვენ სანქციების დაწესებას, რაც ნიშნავს პირველივე წელს ჩვენი ეკონომიკის სულ მცირე 10 პროცენტით შემცირებას, რაც არის ეკონომიკური კატასტროფა. ქვეყნისთვის, ხალხისთვის, საზოგადოებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი კატასტროფა. ასეთი ჩარევები არის მიუღებელი. ჩვენ მომავალშიც თავს დავიცავთ ნებისმიერი ჭარბი ჩარევის მცდელობებისგან. მეგობრობა ერთია, მაგრამ მეორეა ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ამ პრინციპების დაცვის გარეშე, ვერავითარი სამართლიანი ურთიერთობები ვერ შედგება. ასეთი დამოკიდებულება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, შესაბამისად, სუვერენიტეტის დაცვაზე გადის ეროვნული ინტერესების დაცვის ხაზი და ამ პოლიტიკას გავატარებთ ჩვენ მომავალშიც. ერთია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ მეორეა ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.