საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნაზე, ჩატარდეს არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე საერთაშორისო გამოძიება, მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, ის რომ საერთაშორისო გამომძიებელი უცხოელია, ვერ იქნება გარანტი მისი პატიოსნების.
დეპუტატმა მაგალითისთვის მოლდოვის ვეტინგის სისტემით შერჩეული მოსამართლე მოიყვანა, რომელიც დიდ კორუფციულ სკანდალში გაეხვა.
„საერთაშორისო დამკვირვებლების დიდმა ნაწილმა დადებითად შეაფასა არჩევნები. არჩევნების შემდგომ პერიოდში იგივე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ირიბად აღიარა ხელისუფლების ლეგიტიმაცია და მოუწოდა გამოეძია დარღვევები. გამოძიება კი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. გამოიკითხა ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები. მაგრამ ოპოზიცია ითხოვს, გინდა თუ არა გამოძიების პროცესში ჩავრთოთ საერთაშორისო გამომძიებლებიო. აქ მაქვს კითხვა. რატომ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საერთაშორისო გამომძიებელი აუცილებლად იქნება პატიოსანი? ამის მსგავსად ითხოვდნენ საერთაშორისო წესით და უცხოელების შერჩევით ვეტინგის სისტემას სასამართლოში. ეს სისტემა მოლდოვაში ფუნქციონირებს და სწორედ ეს უცხოელი მოსამართლე აღმოჩნდა დიდ კორუფციულ სკანდალში გახვეული. დაზღვევას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ვიღაც უცხოელია. დაზღვევას იწვევს ის სისტემები და ინსტიტუციები, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს. თუ ბუნებაში არ არსებობს სამხილი და ფაქტი, უცხოელმა გამომძიებელმა საიდან უნდა მოიტანოს. და თუ დადასტურებაზეა საუბარი და საქმე პროცესშია, ბრალმდებელი, მომჩივანი და მოპასუხე მხარეები არგუმენტებს ისედაც აჟღერებენ, გამოაქვთ დამამტკიცებელი საბუთები, რაც ყველასთვის საჯაროა. აუცილებლად უცხოელი უნდა იყოს, რომ ვინმემ დაინახოს სამხილი ღირებულია თუ არა, ან ფაქტი ნამდვილად შეიცავს თუ არა დანაშაულს და პირიქით?
ოპოზიცია აბსურდშია შესული და უშვებენ ძალიან დიდ შეცდომას. მათ საქართველოს მოსახლეობა პატარა ბავშვები ჰგონიათ, რომლებსაც არ შეუძლიათ გააკეთონ ადეკვატური დასკვნები. რატომღაც ფიქრობენ, რომ ამ ტყუილებზე და მანიპულაციებზე წამოეგება საზოგადოება.
სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ვერ ხედავს რეალურ ფაქტებს. მათ გამართულ მიტინგებს ყოველდღიურად აკლდება ხალხი. 2020 წელს პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანეს ქვეყანა, თუმცა ახლა იმავეს ვერ გაიმეორებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არ ჰყავთ მომხრეები, რომელთაც სჯერათ მათი. მართალია ოპოზიციის მხარდამჭერებმა არჩევნებში მათ მხარი დაუჭირეს, მაგრამ ახლა მათ არ სჯერათ იმის, რომ არჩევნები გაყალბდა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.