დეპუტატი ეკა სეფაშვილი მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და დასძინა, რომ ოპოზიციას გზების გადაკეტვის საშუალება აღარ მიეცემა.
მისივე თქმით, ოპოზიციას და მათ მომხრეებს საშუალება აქვთ აირჩიონ ლოკაცია, სადაც ისე, რომ ხელს არ შეუშლიან მოსახლეობას გამოხატავენ პროტესტს.
„მელიქიშვილის გამზირზე ახლა ხდება ის, რაც შეეფერება ნორმალურ ცივილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ანუ ქვეყანაში ხდება საერთაშორისო წესრიგის და უსაფრთხოების აღდგენა. არ შეიძლება უმცირესობამ, რომელიც დამარცხდა, არჩევნებში საზოგადოებას თავს მოახვიოს თავისი ნება და მოახდინოს მთელი ქალაქის პარალიზება.
გზების გადაკეტვის საშუალება მათ აღარ მიეცემათ, თუმცა რასაკვირველია მათ შეუძლიათ აირჩიონ ლოკაცია, სადაც გამოხატავენ თავიანთი პროტესტს, რაშიც ხელს არავინ შეუშლით. ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველას შეუძლია მშვიდობიანი გზით გამოხატოს თავისი პროტესტი. თუმცა რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ, რომ გზები გადაკეტონ და სხვას შეუქმნან პრობლემები. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ყველანი ვუყურებდით მათ პროტესტს და ვნახეთ, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. ის ალაგ-ალაგ გადასული იყო ვანდალიზმში. სატელევიზიო კადრებში ვნახეთ როგორ სცემეს და მიაყენეს შეურაცხყოფა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მეუღლესთან ერთად გადაადგილდებოდა; ვნახეთ, როგორ დაშალეს, დაწვეს ქალაქის საკუთრება – სკამები, შეურაცხყოფა მიაყენეს ექვთიმე თაყაიშვილის ბიუსტს და სხვა.
მათი ქცევა არ ჯდება მშვიდობიანი პროტესტის ფორმებში და ვერავის ვერ დააჯერებენ, მათ შორის ვერც თავიანთ დასავლელ პატრონებს, რომ მშვიდობიანი პროტესტი ასე უნდა გამოიხატებოდეს.
თუ მათ მართლა მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა და როგორც ამბობენ იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, ასე არ უნდა იქცეოდნენ. ნგრევით, ვანდალიზმით და ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფით ისინი ევროპაში ვერ შევლენ. ასეთი რაღაცები ჩვენ უკვე ჩავაბარეთ წარსულს და ასეთ ქცევას ქართველი ხალხი აღარ დაუბრუნდება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.