ეკა სეფაშვილი: თავად კონსტიტუციაშია გათვალისწინებული ის ანტიჩიხური მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს საპარლამენტო სხდომას, 10 დღის ვადაში პარლამენტი თვითონვე ჩაატარებს ამ სხდომას

„[პარლამენტის მიერ არჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობის პროცესი] ვერ შეფერხდება [საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით, რომელიც ახალარჩეულ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერებას ასაჩივრებს]“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, საია და პრეზიდენტი გარე აქტორებისთვის ცდილობენ იმ სურათის ჩვენებას, რომ თითქოს იბრძვიან, სარჩელი შეაქვთ და რაღაც ხელჩასაჭიდი აქვთ, მაშინ, როცა ეს ყველაფერი რეალობას არ ასახავს.

„როგორც საია, ასევე პრეზიდენტი, აღმოჩნდა, რომ ძალიან არაკომპეტენტურები არიან და საქართველოს კონსტიტუციის ჯეროვნად წაკითხვა და ადეკვატურად გაგება არ შეუძლიათ. თავად კონსტიტუციაშია გათვალისწინებული ის ანტიჩიხური მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს საპარლამენტო სხდომას, 10 დღის ვადაში პარლამენტი თვითონვე ჩაატარებს ამ სხდომას.

ეს ყველაფერი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ პრეზიდენტი თავის ჩვეულ ამპლუაშია და ისევ და ისევ არღვევს კონსტიტუციას (როგორც ჩანს, ეს პროცესი ძალიან მოსწონს) და ასევე, გარე აქტორებისთვის ცდილობენ იმ სურათის ჩვენებას, რომ თითქოს იბრძვიან, სარჩელი შეაქვთ და რაღაც ხელჩასაჭიდი აქვთ. გარე დამკვირვებლისთვის ალბათ ძნელი გასაგებია, თუ როგორ შეიძლება სარჩელი შეიტანო ისეთ საკითხზე, ან ისეთი ნორმა გამოიყენო, რომელიც კონსტიტუციაში არ არსებობს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Back to top button