მამუკა მდინარაძე: არ არის გამორიცხული, ოპოზიციიდან ბევრი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის პირველივე სხდომაზე შევიდნენ.

მისი თქმით, მმართველ გუნდში არ აქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, რაზეც მათ მიერ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე დაწერილი განცხადებებიც მიუთითებს.

„პირადად ჩემო მოლოდინია, რომ გამორიცხული არ არის ისინი პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ, ან ბევრი მათგანი შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. თუმცა, ეს შეიძლება არ იყოს სწორი პროგნოზი, აქ 50/50-ზეა.

მათ {ოპოზიციას} შეუძლებელია არ სცოდნოდათ, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, შემიძლია ვუთხრა, თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს.

ჩვენ ასეთი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან, სწორედ იმიტომ დაწერეს განცხადებები უფლებამოსილების ცნობამდე, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ისინი ატყუებენ თავიანთ ამომრჩეველს, თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავიანთ სიტყვას. მათ შეუძლიათ, ასეთი განცხადებები დაწერონ 25 ნოემბერსვე“, – აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.

Back to top button