ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი „გამჭვირვალობის კანონის“ კრიტიკაზე: ჩვენ მუდამ ორმაგი სტანდარტებით ვთამაშობთ, თუ კომისიის წევრი ხარ, უფრო მეტი უფლებები გაქვს – მთავრობის მოვალეობა არაა, ევროპული კომისიის მოსწავლე იყოს, არამედ უნდა დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები

ფრთხილად იყავით, ევროპა ეცდება, წაგართვათ თქვენი სახელმწიფოს კომპეტენციების დიდი ნაწილი. გინდათ, ბრიუსელის პროვინცია იყოთ? გითხრან, ის უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო? არა – საკუთარი მთავრობა გყავთ და ამიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის აბსოლუტურად ორმაგი სტანდარტები გამოსჭვივის აქ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა განაცხადა, რითაც „გამჭვირვალობის კანონის“ გამო საქართველოს მისამართით ევროპარლამენტის კრიტიკის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი მუდამ ორმაგი სტანდარტებით თამაშობს და თუ ევროკომისიის წევრი ხარ, მეტი უფლებები გაქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებს. მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის მოვალეობა არაა ის, რომ ევროპული კომისიის მოსწავლე იყოს, არამედ დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები.

„აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩვენ მუდამ ორმაგი სტანდარტებით ვთამაშობთ. თუ კომისიის წევრი ხარ, უფრო მეტი უფლებები გაქვს. მაგალითად, სიტუაცია პოლონეთში, გახსოვთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ გვინდა შევწყვიტოთ ემიგრაცია, ევროპულმა კომისიამ განაცხადა, რომ უფლება არ გაქვთ, ჩვენ უნდა დავარეგულიროთ ემიგრაციის საკითხი და სანქციები დაუწესეს პოლონეთს. შემდეგ არჩევნებზე ახალი პრემიერი მოვიდა და ზუსტად იგივე თქვა, იგივე პოლიტიკა შესთავაზა ემიგრაციაზე, მაგრამ ამ დროს ბრიუსელში კომისიამ თქვა, პრობლემა არ არის ამ შემთხვევაში და ისევ მივცეთ თანხები პოლონეთს. რატომ? იმიტომ, რომ ბრიუსელში არსებობს ორმაგი სტანდარტები. ზოგი ქვეყნისთვის ყველაფერია შესაძლებელი, სხვა ქვეყნებისთვის ყველაფერი კონტროლის საგანია. არ მესმის, რატომ არსებობს ამის მსგავსი ორმაგი სტანდარტი, მაგალითად, სერბეთთან დაკავშირებით, რომელიც ასევე თქვენნაირად კანდიდატია. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ უარი თქვით სანქციების დაწესებაზე? როცა ველაპარაკებოდი პარლამენტარებს, ჩემს კოლეგებს მითხრეს, რომ საქართველო სანქციებს არ ატარებს რუსეთის წინააღმდეგ. რეალობას შევხედოთ, რამე შედეგს მოიტანდა ეს სანქციები? – აბსოლუტურად არაფერს.

სამწუხაროდ, ომი არ დამთავრებულა, რუსეთის ეკონომიკა მაინც მაღალ დონეზეა, მაგრამ ვხედავთ, რომ სამრეწველო მაჩვენებლები გერმანიაში შეჩერდა, იმიტომ, რომ ენერგიის ფასი სერიოზულად გაიზარდა და ევროპის სანქციებმა საერთოდ არ იმუშავა და რომ შევხედოთ სანქციებს მსოფლიოს თვალსაზრისით, მაგალითად კუბის წინააღმდეგ ამერიკის მხრიდან, იგივე მთავრობაა კუბაში, არ შეცვლილა. თქვენ უარი განაცხადეთ სანქციებზე – მე გეთანხმებით, მე მესმის თქვენი პოზიცია, იმიტომ, რომ სამხედრო ბაზები თქვენს ტერიტორიაზეა, რუსები ახლოს დგანან და აბსოლუტურად იზოლირებულები ხართ ამ ტერიტორიების თვალსაზრისით, მაგრამ ზოგიერთ ჩემს კოლეგას აღნიშნული არ ესმის და ოცნებობენ იმას, რომ გააკეთონ, რაც სურთ და რა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის? – დაიცვას საკუთარი ინტერესი. მთავრობის მოვალეობა არაა ევროპული კომისიის მოსწავლე იყოს, არამედ საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას“, – განაცხადა ტიერი მარიანმა.

Back to top button