მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.

უფლებამოსილების ცნობამდე, რეგლამენტის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს არჩევნების შედეგები გააცნო. ასევე, დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა. პროცედურის შესაბამისად, კომისიებმა აირჩიეს თავმჯდომარეები და მდივნები, ასევე დროებითმა სამანდატო კომისიებმა განიხილეს ცესკოს მიერ გადაცემული დოკუმენტაცია.

ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.

150-კაციან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს. დანარჩენი ადგილები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის გადანაწილდა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება.

Back to top button