უკვე დაიწყო პარლამენტის წევრების რეგისტრაცია პირველი სხდომისთვის. რეგისტრაცია ხორციელდება ცესკოს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აიღებენ საბუთს და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.
„რამდენადაც ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ცესკოდან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა, იმედი მაქვს, მიმართავენ, აიღებენ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.
ვხედავთ მათ წამოცდენებს. დღესაც ვნახეთ, ერთ-ერთი პარტიის წევრმა საკუთარ თავს როგორ უწოდა არჩეული დეპუტატი, ასე რომ, ეს ფროიდისეული წამოცდენები მათ ძალიან ხშირად მოსდით. ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ. სულ რამდენიმე საათში პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ვნახავთ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ. ასე რომ, ეს ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.