„რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ამაყი და ბედნიერი ვარ, ასეთი რთული გამოწვევების ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა მიწევს ამ ადამიანთან ერთად და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე, ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობის თითოეულ წევრს, განსაკუთრებული მადლობა მათაც, ამ ნდობის გამოცხადებისთვის.
რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტის, საქართველოს კონსტიტუცია. ეს იმ ფონზე, რომ ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული – გაღვივებულია რადიკალიზაცია და პოლარიზაცია. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს.
აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ყველაზე მთავარი მოცემულობა არის, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს პრეზიდენტი.
ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ, სიყვარული არის გამაერთიანებელი. მე გულწრფელად მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ღირებულებების და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გავაერთიანოთ საზოგადოება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.