ირაკლი კობახიძე: ვვარაუდობთ, რომ დიდი ალბათობით ძალიან მალე დასრულდება ომი უკრაინაში და ომის დასრულებასთან ერთად, ძალიან სწრაფად დამშვიდდება არა მარტო ჩვენი რეგიონი, არამედ მთლიანად მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომი, რა თქმა უნდა, ზოგადად, საფრთხეს უქმნის მთლიანად მსოფლიოს სტაბილურობას, განსაკუთრებით ევროპის სტაბილურობას, შესაბამისად, თითოეული ევროპული სახელმწიფოს ინტერესებშია ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მოვლენები მომავალშიც, ისევე როგორც აქამდე, საქართველოს სასარგებლოდ წარიმართება.

„მე ვიყავი, მაგალითად, კონკრეტულ ფორუმებზე საზღვარგარეთ, სადაც მონაწილეობდნენ კონკრეტული ქვეყნების ლიდერები, თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერი იყო სხვადასხვა ფორუმებზე, ბუდაპეშტშიც, ინგლისშიც, ბაქოშიც, სამივე ფორმატში იყვნენ წარმოდგენილი ლიდერები. ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ვინც ყველაზე მეტად გვემტერებოდა, ის იყო ყველაზე ცუდ ხასიათზე და ვინც ყველაზე მეტად გვემეგობრებოდა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ის ადამიანები იყვნენ ყველაზე კარგ ხასიათზე, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რაც ვითარდება, იგივე ამერიკულ არჩევნებთან, იგივე რეგიონში მიმდინარე პროცესებთან. ეს პროცესები, ვფიქრობთ, რომ ჩვენს სასარგებლოდ წარიმართება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ წარიმართება. ასეთია დღემდე მიმდინარე პროცესები და დარწმუნებულები ვართ, რომ ასევე გაგრძელდება მოვლენების განვითარება მომავალ წელსაც. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დიდი ალბათობით ძალიან მალე დასრულდება ომი უკრაინაში და, რა თქმა უნდა, ომის დასრულებასთან ერთად, ძალიან სწრაფად დამშვიდდება არა მარტო ჩვენი რეგიონი, არამედ მთლიანად მსოფლიო. ეს ომი, რა თქმა უნდა, ზოგადად, საფრთხეს უქმნის მთლიანად მსოფლიოს სტაბილურობას, განსაკუთრებით ევროპის სტაბილურობას, შესაბამისად, თითოეული ევროპული სახელმწიფოს ინტერესებშია ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button