ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობა დაფინანსდება 3 მლრდ ლარით

ვენახების ფართობი 2012 წლის შემდეგ საქართველოში გაიზარდა 70%-ით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მანამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო ეს დარგი.

„ადამიანებს უწევდათ ვენახებზე უარის თქმა, ასეთ მდგომარეობამდეც კი მიიყვანეს მევენახეები ჩვენს ქვეყანაში. 2012 წლის შემდეგ არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და სწორედ ამან გამოიწვია 70%-ით ფართობების ზრდა ჩვენს ქვეყანაში.

ყურძნის გადამუშავება გაიზარდა 52 000 ტონიდან 300 000 ტონამდე ამ წლების განმავლობაში. ღვინის ექსპორტი 65 მლნ დოლარიდან გაიზარდა 259 მლნ დოლარამდე. წელს გვექნება კიდევ უკეთესი მაჩვენებლები ამ მიმართულებით. ეს არის 2023 წლის მონაცემები.

მევენახეების შემოსავალი – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ჩვენთვის, მთავარია, რომ შემოსავალი გაეზარდოთ საბოლოო ჯამში მევენახეებს. მევენახეების შემოსავალი 70 მლნ ლარიდან გაიზარდა 350 მლნ ლარამდე 2023 წლისთვის.

რაც შეეხება 2028 წლის მიზანს, ღვინის ექსპორტი ნახევარ მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შარშანდელი მაჩვენებელი იყო 259 მლნ დოლარი და 500 მლნ დოლარს უნდა გადააჭარბოს ღვინის ექსპორტმა ჩვენი ქვეყნიდან 2028 წლისთვის, რაც პირდაპირ აისახება, რა თქმა უნდა, მევენახეების, ამ დარგში ჩართული ადამიანების შემოსავლებზე.

მთლიანობაში, რომ შევაჯამოთ სოფლის მეურნეობა, აგრობიზნესის გამოშვება საქართველოში 2012 წელს შეადგენდა 7.6 მლრდ ლარს, 2023 წელს უკვე შეადგინა 16.6 მლრდ ლარი, ანუ გაორმაგდა ეს მაჩვენებელი და ჩვენი ამოცანაა 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზარდოს 24 მლრდ ლარამდე.

აბსოლუტურად რეალურია ამ მიზნის განხორციელება.

რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს, 2012 წელს შეადგენდა დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს და 2023 წლისთვის უკვე შეადგინა დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარი, მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. ამ კუთხით 2028 წლისთვის პროდუქციის ექსპორტი შეადგენს 2.3 მლრდ დოლარს, ესეც არის აბსოლუტურად მიღწევადი მიზანი.

მთლიანობაში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობა დაფინანსდება 3 მლრდ ლარით, დამეთანხმებით, რომ არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში. მაგალითად 2012 წელს, წლიურ ბიუჯეტში 100 მლნ ლარიც კი არ იყო გამოყოფილი სოფლის მეურნეობაზე. ახლა ვსაუბრობთ 4 წელიწადში 3 მილიარდიან ინვესტიციაზე. ხედავთ, რამდენად დიდია სხვაობა, რამდენად დიდია პროგრესი და რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ქართული სოფლის გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button