ირაკლი კობახიძე: თინათინ რუხაძეს აქვს არაჩვეულებრივი უნარი, ხელი შეუწყოს დამატებით კულტურის სფეროს განვითარებას, წარმატებებს ვუსურვებ ბატონ შალვა გოგოლაძეს მომავალში სპორტის მინისტრის პოზიციაზე

თინათინ რუხაძეს მხოლოდ რამდენიმე კვირაა, უკავია კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა, თუმცა უკვე წარმატებულია მისი საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, თინათინ რუხაძეს არაჩვეულებრივი უნარები აქვს.

„მას აქვს უნარი, ხელი შეუწყოს დამატებით კულტურის სფეროს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, ის იქნება საუკეთესო მინისტრი კულტურისა და სპორტის სამინისტროში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მთავრობამ პარლამენტს მიმართა ინიციატივით კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ და სპორტის მომავალ მინისტრად პარლამენტს შალვა გოგოლაძე წარუდგინა.

„საბოლოო ჯამში თქვენზეა დამოკიდებული კანონის მიღება, თუმცა ვიცი, რომ არის გუნდის მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ინიციატივა სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებით. სპორტის წარმატებებზე უკვე ვისაუბრე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მომავალშიც ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას და ინსტიტუციური ცვლილებებიც ამ კუთხით ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. მინდა, წინასწარ წარმოგიდგინოთ ბატონი შალვა გოგოლაძე მომავალში სპორტის მინისტრის პოზიციაზე. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button