„დღეს, XI მოწვევის პარლამენტმა საქართველოს მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მინისტრთა კაბინეტს ვულოცავ ნდობის გამოცხადებას“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იგი აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ ახალი პარლამენტის მუშაობა, „ქართული ოცნების“ გუნდის საქმიანობა, იქნება ნაყოფიერი, ქვეყნისა და ხალხისთვის მშვიდობის, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი.
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართულ ჯარზე ზრუნვა იქნება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მისი ხელმძღვანელობით, მქონდა პატივი, ჩვენს საამაყო სამხედროებთან ერთად მემუშავა და საკუთარი წვლილი შემეტანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში და ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შექმნაში.
ჩვენი გუნდის მიერ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ჯარის გასაძლიერებლად და სამომავლოდ, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვგეგმავთ. ამ გზაზე, ჩვენს პროფესიონალ და პატრიოტ სამხედროებთან ერთად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და მზადყოფნის ამაღლებას.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევქმნით კიდევ უფრო მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ძლიერ თავდაცვის ძალებს“, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.