საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები. როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, როგორც ქრისტიანობის დაცვის მთავარი ბასტიონისკენ. ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქვეყანა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ქართული სამოქალაქო აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად იქცეს, შესაბამისად, სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თავისი შინაარსით, ორმხრივია და მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს. ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ საქართველოს, თავისი მდიდარი კულტურითა და პოტენციალით, ზუსტად ისევე შეუძლია გაამდიდროს ევროკავშირი, როგორც ევროკავშირს შეუძლია გაამდიდროს საქართველო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.