ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გასული სამი წლის მანძილზე, ევროპარლამენტმა მიიღო სიცრუით და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც თავად ევროკომისიამ და ევროსაბჭომაც კი არ გაიზიარა.
ამასთან, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის ჩარევაზე, რომლის მომსწრეც სრულიად საქართველო იყო, ახლა კი იგივე პირები თავს ესხმიან ლეგიტიმურ არჩევნებს.
„ევროპარლამენტმა გასული 3 წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა.
სრულიად საქართველო იყო საპარლამენტო არჩევნებში ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის ჩარევის მომსწრე, რაც დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. დღეს კი, იგივე ადამიანები ლეგიტიმურ არჩევნებს თავს ესხმიან. მეტიც, ისინი ზუსტად ისეთივე შემართებით ესხმიან თავს ეუთო/ოდირის არჩევნების შემფასებელ მისიას, რომელმაც არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, როგორც ამას საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.