„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თავისი შინაარსით, ორმხრივია და მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს. ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შეუძლია საკუთარი მდიდარი კულტურითა და პოტენციალით ევროკავშირის გამდიდრება, ამ ფონზე კი, კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის მცდელობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად იქნეს წარმოჩენილი.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს, თავისი მდიდარი კულტურითა და პოტენციალით, ზუსტად ისევე შეუძლია გაამდიდროს ევროკავშირი, როგორც ევროკავშირს შეუძლია გაამდიდროს საქართველო.
ამ ფონზე, ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ. კიდევ უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანებისგან ვისმენთ.
ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია. ევროპარლამენტმა გასული 3 წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა“, – აღნიშნა კობახიძემ.