პრემიერი: ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ – ეს არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკა, რომელიც თავმოყვარე ქართველი ხალხისთვის არასოდეს გახდება მისაღები

ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მან გაიხსენა როგორც 2021 წლის, ისე 2024 წლის არჩევნებამდე სესხების გაუქმებასთან დაკავშირებით გეგმები, რაც არჩევნებზე არალეგიტიმური გავლენის მოხდენის მცდელობა იყო, თუმცა, კობახიძის განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანზე ამ ნაბიჯმა ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა.

„ყველას გვახსოვს, როგორ გეგმავდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე საქართველოსთვის 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გაუქმებას, რათა ამით არჩევნებზე არალეგიტიმური გავლენა მოეხდინათ. მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, თუმცა, ამან ქართველი ხალხის არჩევანზე ვერავითარი გავლენა ვერ იქონია. ფულის შანტაჟისთვის გამოყენებაც არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკა, რომელიც თავმოყვარე ქართველი ხალხისთვის არასოდეს გახდება მისაღები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი განცხადებით, საზოგადოებას ახსოვს ისიც, თუ როგორ იქნა გამოყენებული კანდიდატის სტატუსი საქართველოს დასაშანტაჟებლად და არეულობის შემოსატანად.

„ყველას გვახსოვს ისიც, თუ როგორ იქნა გამოყენებული კანდიდატის სტატუსის საკითხი საქართველოს დასაშანტაჟებლად, ქვეყანაში არეულობის შემოსატანად და საზოგადოების გასახლეჩად. უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს ყველა მეტად ესაჭიროებოდა სიმშვიდე, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილმა კანდიდატის სტატუსის თემა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენა. აღნიშნულ რევოლუციის მცდელობაში ღიად იყვნენ ჩართული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირიდან იღებენ დაფინანსებას. თითქმის 2 წლის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების მთავარ ინსტრუმენტად, რაც საქართველოს მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button