მამუკა მდინარაძე ევროკავშირზე: დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს

„ძალადობა დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია აბსოლუტურად ყველას მიმართ, ეს იქნება პოლიციელი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე,“ – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.

„ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!

კიდევ უფრო მოკლედ:

ჩვენ საკითხს 2028 წლამდე არ დავაყენებთ, თავად დადონ მაგიდაზე და ნებისმიერ დროს ხელს მოვაწერთ!

მგონი რთული გასააზრებელი არ უნდა იყოს!

ძალადობა დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია აბსოლუტურად ყველას მიმართ, ეს იქნება პოლიციელი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე. ამავე დროს, ამორალურია მხოლოდ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის გაპროტესტება და „შეშფოთება“ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმა, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და უკიდურესი შეურაცხყოფა საერთოდ არ შეუმჩნევია!“, – წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე.

Back to top button