დარახველიძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აქციის თითოეული მონაწილის, ჟურნალისტის უსაფრთხოება იყოს დაცული, თუმცა, როცა აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს, იზრდება დაშავების რისკები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აქციის თითოეული მონაწილის, ასევე ადგილზე გაშუქების მიზნით მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს დაცული, თუმცა, როცა აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს და ხდება თავდასხმები, ძალადობრივი მოქმედებები, ამ შემთხვევაში, იზრდება რისკები სხვადასხვა პირის დაშავების, მათ შორის ჟურნალისტების, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„რამდენიმე ჟურნალისტი არის დაშავებული, თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ პოლიციელებიც და აქციის მონაწილეებიც არიან დაშავებული. ამიტომ, ძალადობრივი ხასიათის მქონე აქცია არის ძალიან მაღალი საფრთხის შემცველი. მიზანმიმართულ მოქმედებას არავინ აპირებდა, მაგრამ იყო გარკვეული შემთხვევები, როდესაც მოხდა დაზიანება. მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ყველა მონაწილეს, რომ არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.

რაც შეეხება ზოგადად რეკომენდაციას, ასეთ დროს საერთაშორისო სტანდარტი და მოთხოვნა არის ის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს გაშუქების მიზნით მყოფი მასმედიის წარმომადგენლის უსაფრთხოება, მათ ჰქონდეთ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნები, რათა დროულად მოხდეს რეაგირება ნებისმიერ თავდასხმაზე, რომელიც შეიძლება, მომდინარეობდეს მათ შორის აქციის მონაწილეების მხრიდანაც. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვგულისხმობ, ზოგადად რეკომენდაციას ვგულისხმობ. ასე რომ, ამ კუთხით მუშაობა ვფიქრობ, გასაგრძელებელია“, – აღნიშნა დარახველიძემ.

როგორც მან განაცხადა, გუშინ არ იყო აქცია, რომელიც მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რუსთაველის გამზირზე იყო ძალადობრივი ქმედებები, რაზეც პოლიციას უწევდა რეაგირება.

მინდა, აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთული ღამე იყო და მთელი ღამის განმავლობაში პოლიციას მოუწია რეაგირება. თქვენ ნახეთ, რომ ეს არ იყო აქცია, რომელიც მშვიდობიანად მიმდინარეობდა. იყო საკმაოდ აგრესიული თავდასხმები, მათ შორის ქვების სროლა, სხვადასხვა ნივთის. ასევე საზოგადოებამ კარგად ნახა რუსეთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო საკუთრებიდან ხდებოდა გარკვეული ნივთების გამოტანა, ბარიკადების მოწყობა, ცეცხლის დანთება, შემდგომ პიროტექნიკის სროლა. შესაბამისად, აქ იყო ძალადობრივი მოქმედებები, რაზეც პოლიციას უწევდა რეაგირება. პოლიციას ძალადობრივ ქმედებებზე უწევდა პოლიციის შესახებ კანონის და იმ იძულებითი ღონისძიების გამოყენება, რაც კანონით არის განსაზღვრული“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ამასთან, მისი თქმით, შსს არ არის უფლებამოსილი, თანამშრომლის ჩადენილი ქმედება გამოიძიოს.

„განსაკუთრებით ჟურნალისტებთან მიმართებით ჩადენილ დანაშაულებზე პირდაპირ არის კანონით განსაზღვრული, თუნდაც მოქალაქე იყოს ამ დანაშაულის ჩამდენი, არც მსგავსი ტიპის დანაშაულს არ იძიებს შსს, ეს არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენცია. მე როგორც ვიცი, მათ გაავრცელეს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა მე რომ სხვა უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სტატისტიკაზე, დეტალურ ინფორმაციაზე გესაუბროთ, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. ჩვენ ვმოქმედებთ იმ სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რაც არის დადგენილი. პოლიციას მსგავსი მოთხოვნა, რომ ოპერაციის, თუ სხვადასხვა მოქმედების დროს ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. ჩვენი ინტერესია, რომ ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი დაისაჯოს“, – აღნიშნა დარახველიძემ.

Back to top button